მიხეილ ჯანელიძემ იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციაში ბიზნესსემინარი გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში, ეწვია იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციას (JETRO), სადაც სემინარი გამართა იაპონია-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
შეხვედრას 50-ზე მეტი იაპონური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის, ისეთი წამყვანი საერთაშორისო კორპორაციებიდან, როგორიც არის TOYOTA, Toshiba, Mitsubishi, Nippon Electric Company და სხვა.
შეხვედრაზე JETRO-ს სტამბოლის ოფისის ხელმძღვანელმა, იასუიუკი მურაჰაშიმ ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციას და სანდოობას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა იაპონურ მხარეს საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესებისთვის. მისი განცხადებით, ბიზნესკავშირებს და პროექტებს შეუძლიათ, უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ საქართველო-იაპონიის ორმხრივ ურთიერთობებში.
მან მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზატორებს და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეხვედრა მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად.
„იაპონია საქართველოს ახლო მეგობარი და ჭეშმარიტი პარტნიორია. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ამ პარტნიორობის ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ასაყვანად, რასაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყება. ეს გახსნის ახალ თავს საქართველო-იაპონიის ეკონომიკურ ურთიერთობებში”.
მინისტრმა ისაუბრა იაპონური კომპანიების საქართველოში საქმიანობის წარმატებულ მაგალითებზე (Toyota, Mitsubishi, Japan Tobacco) და აღნიშნა მთავრობის დაინტერესება საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროში იაპონურ კომპანიებთან წარმატებული თანამშრომლობის მიმართ. მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ლიბერაული ბიზნესეკონომიკური გარემო და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი. აღნიშნა აზიის რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობების პრიორიტეტულობა, ისაუბრა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე და ინდოეთთან ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე. მან ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით იაპონური სტანდარტების დამკვიდრების მნიშვნელობას, ისევე, როგორც მაღალი ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროში იაპონიის გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაზე საქართველოს შესახებ პრეზენტაცია „საქართველო იაპონიის თვალთახედვიდან” წარადგინა JETRO-ს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, იასუიუკი მურაჰაშიმ.
საქართველოში მიმდინარე წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა კომპანია Nippon Electric Company-ს ამერიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის განყოფილების გენერალურმა მდივანმა, ჰირონობუ კუროსაკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები