მაკა ბოჭორიშვილი: ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას
“საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ამ პოზიციის ერთგულები ყოველთვის ვიქნებით”,- ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას, რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ.
ბოჭორიშვილის თქმით, საუბარი როდესაც არის უკრაინის მხარდაჭერაზე, საქართველოს აქვს თანმიმდევრული და მტკიცე პოზიცია.
„რაც შეეხება ევროსაბჭოს ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს მიმართ ზოგიერთი წევრი ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს იმის შესაძლებლობასა და ფუფუნებას, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დამატებით რისკებსა და საფრთხეებს შეუქმნის ჩვენს ქვეყანას და შესაძლოა, დააყენოს საქართველო გაზრდილი რისკების ან გამოწვევების წინაშე.
დამოკიდებულებას, რასაც დღეს რიგი წევრი ქვეყნების მხრიდან ვხედავთ, ნამდვილად სჭირდება გადახედვა. საჭიროა სიცხადე, რა დამოკიდებულება არსებობს საქართველოსა და მისი პოზიციების მიმართ, ვინაიდან ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე, პირველ რიგში კი, ქვეყანაში უსაფრთხოების, სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.