პროკურატურაში სიცოცხლის უფლების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სიცოცხლის უფლების დაცვის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო კურსი მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და საქართველოსთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობას. ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სასწავლო კურსს ევროპის საბჭოს მიერ მოწვეული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები უძღვებოდნენ. პროგრამა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი საქართველოსთან მიმართებაში, სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებები. სასწავლო კურსის ფარგლებში, მოხდა კაზუსების განხილვა და მონაწილეთა ჩართვა პრაქტიკულ სავარჯიშოებში.

ტრენინგი საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა  სტრუქტურული დანაყოფებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან 22-მა მონაწილემ გაიარა. ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე განხორციელებული სასწავლო კურსების მიზანია საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლების კვალიფიკაციის ამაღლება და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები