საპატრიარქოს ადვოკატი მეუფე პეტრეს მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო პროკურატურაში დაიკითხა

საპატრიარქოს ადვოკატი ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო, დღეს მთავარ პროკურატურაში დაიკითხა.
როგორც ქარჩავამ გადაცემა “არჩევანში” განაცხადა, მეუფე პეტრე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მომაკვდინებელ სულიერ ცოდვებში ადანაშაულებს. მისი თქმით, ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები მან პროკურატურასაც გადასცა.
“მთავარ პროკურატურას მივეცი სრული განმარტება, თუ რას ვგულისხმობდი და რა მტკიცებულებები გამაჩნდა. ეს არის სხვადასხვა სახის მტკიცებულებები. ჩემი ბრალდებები არ არის პირდაპირ კავშირში ე.წ. ციანიდის საქმესთან. ეს არის ახალი გარემოებები და ახალი თემა. მეუფე პეტრე კათოლიკოს პატრიარქის ბინძური ხერხით მოცილების სცენარის თანამონაწილე გამოდის. მე ე.წ. ციანიდის საქმეში მეუფე პეტრეს მონაწილეობის პირდაპირი მტკიცებულება არ გამაჩნია. ეს პროკურატურის პრეროგატივაა”, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
შეგახსენებთ, რომ 29 მაისს, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და დედაეკლესიის წინააღმდეგ კარგად ორგანიზებული ჯგუფი მოქმედებს, რომლის მეგობარიც მეუფე პეტრე ცაავაა. ადვოკატის მტკიცებით, მეუფე პეტრეს დღესაც აქვს დაგეგმილი პატრიარქის არამხოლოდ ტახტიდან ჩამოცილება, არამედ უწმინდესის მოკვდინება. მისივე თქმით, პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების სურვილი მისი უწმინდესის დაცვის ყოფილ უფროს სოსო ოხანაშვილსაც გააჩნდა. ადვოკატი წმინდა სინოდზე მეუფე პეტრეს ეკლესიიდან გაშვების საკითხის დაყენებასაც აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები