ინიშნებიან თუ არა მოსამართლეები საბჭოს პირადი ინტერესებით – იუსტიციის საბჭოს წევრის განმარტება
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის კრიტიკას იუსტიციის საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა. სოფრომაძე არასამთავრობო სექტორის კრიტიკას საბჭოში კლანური მმართველობისა და კანდიდატების პირადი ინტერესით დანიშვნასთან დაკავშირებით, არ იზიარებს. სოფრომაძის განმარტებით, კანდიდატები კანონის სრული დაცვით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით ირჩევიან, რაც დღეს არსებობს.
„საბჭო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მას კანონის მიხედვით შეუძლია მიიღოს და ნიშნავს იმ ადამიანებს, რა ადამიანებიც საბჭოს ირგვლივ ორბიტაზე ტრიალებენ. დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არა აქვს ფუფუნება, რომ აარჩიოს საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ჩვენ გვყავს მიზერული რაოდენობა იმ კანდიდატებისა, რომლებიც შეიძლება მოსამართლეები იყვნენ და ყველანაირად ვცდილობთ, რომ მათ შორის საუკეთესო შემოვიყვანოთ სასამართლო სისტემაში. ჩვენ გვყავს ის კანდიდატები, ვინც გვყავს. მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი საუკეთესონი არიან დანარჩენ პოტენციურ კანდიდატებს შორის, ვისაც შეუძლია, იყოს მოსამართლე, მაგრამ ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს. ამას ვერ გავექცევით. ძალიან ბევრი ვეცადე, მაგრამ მათი მოსაწონი, 4 წლის განმავლობაში, ვერაფერი გავაკეთე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემი ძველი კოლეგები არიან, მეც არასამთავრობო სექტორიდან მოვდივარ . ჩვენ არ გვაქვს უფლება, სასამართლოები დავტოვოთ თავმჯდომარეების და მოსამართლეების გარეშე“, – აცხადებს კახა სოფრომაძე.