ადვოკატი: დოკუმენტაციით მტკიცდება, რომ უწმინდესი ყველაფრის საქმის კურსში იყო

​”პირადად პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით, დეკანოზს შეეძლო ყველა იმ საკითხზე შესაბამისი სამართლებრივი ქმედებების განხორციელება, რაც დაკავშირებული იყო კლინიკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციასთან”,- ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ის მინდობილობა და ხელშეკრულება წარმოადგინა, რომელიც ამ საკითხს ეხება.
როგორც რამიშვილმა აღნიშნა, ამ დოკუმენტაციით მტკიცდება, რომ უწმინდესი ყველაფრის საქმის კურსში იყო.
”ამასთან, გაფორმებულია ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკრაინის მოქალაქე სერგეი ჯანგოვთან, სადაც მითითებულია, რომ თანამშრომლობის მიზანი იყო კლინიკის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრის სრული რეკონსტრუქცია, ინვენტარით და დანადგარებით აღჭურვა. როცა ბატონი ედიშერ ქარჩავა ბრძანებს, თითქოს სერგეი ჯანგოვთან ჰქონდა საერთო ინტერესები მამა გიორგი მამალაძეს და უნდა მომხდარიყო ფულის გათეთრება, არის სიცრუე. სერგეი ჯანგოვს არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრ დავით დარახველიძესთან სოციალური საკითხებზე და ამ შემთხვევაში, სერგეი ჯანგოვი იყო შუამავალი დონორებთან”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, კლინიკისთვის უნდა მოძიებულიყო 10 მილიონი დოლარი და ამასთან ერთად, მიმდინარეობდა სხვა პროექტებიც, მათ შორის, სკოლების პროექტების დამუშვებაც.
”პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გაფორმდა ხელშეკრულება გრანტების მოძიებაზე, რაც დაფიქსირებულია ნოტარიუსის მიერ დამოწმებულ დოკუმენტში. ეს ფიქსირდება იმ ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმდა 10 მილიონზე. თუმცა, ეს თანხა არ გადმორიცხულა”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა და იქვე დასძინა, რომ ხელშეკრულებაში დეტალურად იყო გაწერილი, რაში უნდა დახარჯულიყო მოძიებული თანხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები