თეიმურაზ ბუაძე ედიშერ ქარჩავაზე: ჩემი ნაშრომი მოიპარა და დიპლომის დასაცავად გოჩა ბარნოვთან მივიდა

„ედიშერ ქარჩავა ძალიან ცუდი სტუდენტი იყო. ჩემი ნაშრომი მოიპარა და დიპლომის დასაცავად გოჩა ბარნოვთან მივიდა, რომელმაც დიპლომი არ დააცვევინა“, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარის პროფესორმა, თეოლოგმა თეიმურაზ ბუაძემ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა.
​თეიმურაზ ბუაძე აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს. მისივე განმარტებით, ედიშერ ქარჩავა წარსულშიც შანტაჟისტი იყო და ამჟამადაც იმავეს იმეორებს.
„ედიშერ ქარჩავა სასულიერო აკადემიაში სამი წლის წინ სწავლობდა. დიპლომის დაცვის დროს, ჩემი ნაშრომი გადაწერა და ჩემს მეგობართან, გოჩა ბარნოვთან მიიტანა. ბარნოვმა ჩემი ნამუშევარი იცნო და დიპლომი არ დააცვევინა. სამაგიეროდ, მან გოჩა ბარნოვს შანტაჟი მოუწყო, დაემუქრა, თუ არ დამაცვევინებ, ნაცნობები მყავს და დაგიჭერთო. გოჩა ბარნოვმა უარი უთხრა და აკადემიის რექტორს ყველაფერი უამბო. ეს ისტორია მერე ჩაფარცხეს და ედიშერ ქარჩავას დიპლომი მაინც დააცვევინეს. ასეთი კაცია, ძალიან არაკომპეტენტური ადამიანია, მორალური პრობლემები აქვს და ახლა ფსიქიკური პრობლემებიც დაემატა. ყოველ შემთხვევაში, კაცი გაბოროტებულია. ძალიან ცუდი სტუდენტი იყო. შანტაჟისტია და ცილისმწამებელია. როგორც ჩანს, ახლა კონტროლი დაკარგა და აღარ იცის, რა თქვას, გაბრაზებულია ჩვენზე და აღარ იცის, რა ილაპარაკოს“, – განუცხადა „კვირას“ თეოლოგმა.
რაც შეეხება ედიშერ ქარჩავას იმ ბრალდებას, რომ გოჩა ბარნოვი და თეიმურაზ ბუაძე აკადემიის სტუდენტებს პატრიარქის წინააღმდეგ მართავენ, ბუაძემ აბსოლუტურ სისულელედ შეაფასა. ბუაძე ამბობს, რომ მეუფე პეტრე ცაავას კარგად არ იცნობს და მასთან შეხვედრა მხოლოდ ორჯერ ჰქონდა.
„პირველ რიგში, პეტრე ცაავას ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ შევხვდი. ახლა მეორე- როგორ შეიძლება, ადამიანი სასულიერო აკადემიაში სწავლობდეს და პატრიარქს არ აღიარებდეს. ძალიან სისულელე უთქვამს. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ საქართველოში არსებობდეს ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტის ჩამოგდება სურდეს. იგივე აზრია. საქართველოში იქნება თუ არა პატრიარქი, ეს დამოკიდებულია წმინდა სინოდის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვართ ერის კაცები. როგორ შეიძლება, აკადემიაში ადამიანი მუშაობდეს და აცხადებდეს, რომ მე პატრიარქს არ ვაღიარებ. ძალიან კანონიკური განცხადებაა. აბსოლუტურად არაფერ შუაშია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას თეიმურაზ ბუაძემ.
​შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებულია ერთი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს როგორც სულიერ მამას, ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ.
„ამ საქმეში, ასევე, ვასახელებ მეუფე პეტრე ცაავას მღვდელს, მის ე.წ. პრესსამსახურს, არქიმანდრიტ ანდრიას და შესაძლებელია, ამ საქმეში იყვნენ სხვა სასულიერო პირებიც ჩართული. ახლა ასეთი ვითარებაა, ორად არის გაყოფილი – ერთ მხარეს დგას პატრიარქი და დედაეკლესია, მეორე მხარეს -მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები. მიმაჩნია, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვის ებრძვის, რათა შემდგომში ეს ხალხი ჩამოშორდეს ეკლესიას. მათი მხარდამჭერია თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებული ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს. ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ, საუბარია გოჩა ბარნოვზე და თემურ ბუაძეზე. ადრე მათთან პატრიარქთან დაკავშირებით, დაპირისპირებული ვიყავი”, – აცხადებს ედიშერ ქარჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები