ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს ადრესატი პასუხობს: მეუფე პეტრესთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს

მეუფე პეტრე ცაავასთან არანაირი ურთიერთობა არ მაკავშირებს, გარდა სტუდენტური წლებისა, – ასე პასუხობს თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის პედაგოგი გოჩა ბარნოვი საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას ბრალდებებს, თითქოს იგი მეუფე პეტრე ცაავასთან ერთად პატრიარქის ლიკვიდაციას გეგმავდა.
„კვირასთან“ საუბრისას ბარნოვმა ედიშერ ქარჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გაბოროტებული ადამიანის პოზიცია უწოდა.
„ქარჩავასთან არანაირი შეხება არ მააქვს. არც არანაირი დონის ურთიერთობა, ის ჩემი სტუდენტი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სემესტრის განმავლობაში. სასაცილოდაც მეჩვენება, რომ თითქოს ჩვენ ვგეგმავდით ვიღაცის ლიკვიდაციას და რაღაცის დამხობას. ეს არის გაბოროტებული განცხადება. თან ამბობს, რომ საპატრიარქოს პოზიციაა, რაც უცნაურად მეჩვენება. მტკიცებულებები მაინც უნდა არსებობდეს იმისა, რომ ჩვენ ნამდვილად ვაპირებდით ვიღაცის ლიკვიდაციას.
მეუფე პეტრესთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს გარდა სტუდენტური წლებისა. ის სემინარიაში იყო მე აკადემიაში 2 წლის განმავლობაში, 1996-98 წლებში. მას მერე მეუფე პეტრესთან მე არანაირი შეხება არ მქონია. ერთხელ შემხვდა აკადემიასთან და კურთხევა ავიღე, როგორც ყველა ეპისკოპოსისგან. დამთავრდა მეტი არაფერი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ქარჩავამ ასეთი შინაარსის განცხადებები გააკეთა, ეპისკოპოსებთან ჩემი ურთიერთობა აბსოლუტურად არ არის დამამცირებელი ამას არც ვიკადრებ ნამდვილად, უბრალოდ მასთან მე არანაირი პირადი ურთიერთობა არ გამაჩნია, – განმარტა ბარნოვმა.
მისივე მტკიცებით, სასულიერო სემინარიასთან მეუფე პეტრე ცაავას არანაირი კავშირები არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე ცაავასა და სასულიერო სემინარიის პედაგოგების თემურ ბუაძისა და გოჩა ბარნოვის მისამართით ხმაურიანი განცხადებები გააკეთა. მისი მტკიცებით, თბილისის სასულიერო აკადემიაში არსებობს ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს, როგორც სულიერ მამას. ედიშერ ქარჩავა ამ ჯგუფის უკან მამა პეტრე ცაავას, გოჩა ბარნოვსა და თემურ ბუაძეს ასახელებს. მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას დედაეკლესია და მეორე მხარეს – მეუფე პეტრე ცაავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები