ედიშერ ქარჩავა: პეტრე ცაავა ჩართული იყო იდეურად, სულიერად და შესაძლო მხარდაჭერითაც პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების საკითხში

“მეუფე პეტრე მუდამ იძახის, რომ სიმართლისთვის მან უნდა თქვას, რომ ჩართული იყო იდეურად, სულიერად და შესაძლო მხარდაჭერითაც კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების საკითხში“, – ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ საზოგადოებრივთან ინტერვიუს დროს განაცხადა.
საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, თბილისის სასულიერო აკადემიაში არსებობს ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს და არ აღიარებს, როგორც სულიერ მამას. ედიშერ ქარჩავა ამ ჯგუფის უკან მამა პეტრე ცაავას, გოჩა ბარნოვსა და თემურ ბუაძეს ასახელებს. მისივე თქმით, ერთ მხარეს დგას დედაეკლესია და მეორე მხარეს – მეუფე პეტრე ცაავა.

“მეუფე პეტრე მუდამ იძახის, რომ სიმართლისთვის მებრძოლია, მაგრამ ეს ასე არ იქნება, თუ არ გამოვა და არ იტყვის, რას და როგორ გეგმავდა. მან უნდა თქვას, რომ ჩართული იყო იდეურად, სულიერად და შესაძლო მხარდაჭერითაც კათოლიკოს-პატრიარქის ტახტიდან ჩამოცილების საკითხში.
მე ვერ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი იმ ჯგუფის, რომელიც გეგმავდა კათოლიკოს-პატრიარქის მოშორებას ყველანაირი ხერხით, სწორედ ამ ჯგუფის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო მეუფე პეტრე“, – განაცხადა ქარჩავამ.
მისი თქმით, უნდა გამოვიდეს მეუფე პეტრე და თქვას, რომ მას სურს პატრიარქის მოშორება ტახტიდან.

„ამ საქმეში, ასევე, შემიძლია დავასახელო პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რომელიც გერმანიიდან მითვლის დედაოების ენით, რომ მე ამ თემაზე არ ვისაუბრო. მინდა, იცოდეთ, რომ არ ვაპირებ გაჩუმებას. ამასთანავე, მათ იდეურ მხარდამჭერებს თბილისის სასულიერო აკადემიიდან სურთ კათოლიკოს-პატრიარქის ინსტიტუტის გაუქმება, ისინი საჯაროდ გამოთქვამენ სიმპათიას მსოფლიო პატრიარქისადმი და სურთ ავტოკეფალიის გაუქმება“, – განაცხადა ქარჩავამ.
ედიშერ ქარჩავამ ამ საქმეში არქიმანდრიტი ანდრიაც დაასახელა.

„ამ საქმეში, ასევე, ვასახელებ მეუფე პეტრე ცაავას მღვდელს, მის ე.წ. პრესსამსახურს, არქიმანდრიტ ანდრიას და შესაძლებელია, ამ საქმეში იყვნენ სხვა სასულიერო პირებიც ჩართული. ახლა ასეთი ვითარებაა, ორად არის გაყოფილი – ერთ მხარეს დგას პატრიარქი და დედაეკლესია, მეორე მხარეს – მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები. მიმაჩნია, რომ უნდა ვიცოდეთ, ვინ ვის ებრძვის, რათა შემდგომში ეს ხალხი ჩამოშორდეს ეკლესიას. მათი მხარდამჭერია თბილისის სასულიერო აკადემიაში მოკალათებული ჯგუფი, რომელიც არ ცნობს პატრიარქს. ეს ჯგუფი ახდენს წარმატებული სტუდენტების გადაბირებას და განაწყობს ეკლესიის წინაღმდეგ, საუბარია გოჩა ბარნოვზე და თემურ ბუაძეზე. ადრე მათთან პატრიარქთან დაკავშირებით, დაპირისპირებული ვიყავი”, – განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები