„ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველი ზესტაფონსა და ჭიათურაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმის პრეზენტაციას გამართავს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ჭიათურასა და ზესტაფონში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებისთვის, სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
როგორც ჩიქოვანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, გეგმა შლამსაცავის აშენებას, ახალი გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანას და სხვა საკითხებს მოიცავს. სამუშაო გეგმის დასრულებული ვარიანტის პრეზენტაციას ჩიქოვანი 11 ივნისს გეგმავს.
სამოქმედო გეგმის საბოლოო დამუშავებამდე, ახალმა მმართველმა უკვე შექმნა ეკოლოგიის სამსახური, რომელიც ადგილზე არსებულ მდგომარეობას მუდმივად შეისწავლის და ეკოლოგიური პრობლემების დაძლევის გზებს დასახავს. ნიკოლოზ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნული სამსახური წინა მენეჯმენტს გაუქმებული ჰქონდა და საწარმოოო პროცესი ეკოლოგიური სამსახურის ზედამხედველების გარეშე მიმდინარეობდა.
ახალ მმართველს სასამართლომ სრული წარმომადგენლობითი უფლებები მიანიჭა, თუმცა ნიკოლოზ ჩიქოვანი კომპანიის ძველ მენეჯმენტს და აქციონერებს შეხვდა და მათ „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთობლივი მართვა შესთავაზა.
„11 ივნისს გავმართავთ პრეზენტაციას და წარვადგენ ჩვენს სამოქმედო გეგმას იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით ვიმუშავებ ეკოლოგიის პრობლემების გამოსასწორებლად. გეგმა ახლა დამუშავების პროცესშია. პირველ რიგში უნდა აშენდეს და მოეწყოს შლამსაცავი, უნდა მოხდეს ახალი, გამამდიდრებელი ფაბრიკის ჩამოტანა. მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჭიათურაში ლაბორატორიის არ არსებობა, დავიწყეთ ლაბორატორიის შექმნა. გაუქმებული იყო ეკოლოგიური სამსახური, რომელიც აღვადგინე. შევკრიბე პროფესიონალების ჯგუფი, რომლებიც ყოველკვირეულად გააკეთებენ ანგარიშს.
რაც შეეხება თანამშრომლებს, მათი გათავისუფლება არ მოხდება, ყველა თანამშრომელი ადგილზე რჩება.
მე სასამართლომ სრული წარმომადგენლობითი უფლებები მომანიჭა. დანიშვნისთანავე შევხვდი ძველ მენეჯმენტს, აქციონერებს და მათ ერთობლივი, გახსნილი მუშაობა შევთავაზე. გავრცელდა ჭორები თითქოს სახელმწიფო კომპანიის ექსპროპრიაციას აპირებს. არავითარ შემთხვევაში, ეს ასე არ არის. მე პატივს ვცემ სხვის საკუთრებას და ამიტომ, მათ ერთობლივი მართვა შევთავაზე. მე ვაპირებ, რომ ისინი საქმის კურსში იყვნენ ყველა იმ ოპერაციის შესახებ, რასაც დავაპირებთ და თუ სურვილი ექნებათ, ერთად განვახორციელებთ ამას, ჩემი ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
ჩიქოვანის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ზესტაფონში დამტვერიანებაა. მისი განცხადებით, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ფეროს შენადნობი ქარხნის დირექტორი იყო, 2003 წელს ფეროს ქარხნის მთელი ფილტრების სისტემა გამოიცვალა და ამან მკვეთრად გააუმჯობესა მდგომარეობა.
რაც შეეხება ჭიათურას, კომპანიის სპეციალური მმართველის განცხადებით, ჭიათურაში ძალიან მძიმე ვითარებაა, რომლის გადასაჭრელადაც სახელმწიფომ აქტიური მუშაობა დაიწყო.
„ქარხანაა საყიდელი, რომელიც 100%-ით გამოასწორებს მდინარეში ჩამდინარე მანგანუმის პრობლემას. ქარხნის მთელი ნარეცხი მდინარეში ჩაედინება, არ არის შლამსაცავი, არის ხმაურის, მტვრის პრობლემა. ეს კატასტროფული მდგომარეობა ჭიათურაში წლებია არსებობს და ძალიან კარგია, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემების მოგვარება დაიწყო. თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა, თაობების დაავადებას გამოიწვევს. იმედია, აღნიშნული საკითხი გადაწყდება იმ სამწლიან პერიოდში, რა პერიოდითაც მე დავინიშნე მმართველად. ჩვენ ახლა მოლაპარაკების რეჟიმში ვართ, ვუკვეთავთ ახალ ქარხანას. ასევე საჭიროა რეკულტივაციის სამუშაოები სხვადასხვა კარიერებზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები