სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გრძელდება.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების მთავრობისთვის წარსადგენად შექმნილი სამთავრობო კომისია დღეს კიდევ 12 კანდიდატს გაესაუბრება. ესენი არიან: თამარ ალანია, სოფო ჯაფარიძე, შოთა გეწაძე, ლუიზა ხითარიშვილი, იოსებ ბაჩიაშვილი, ერიკ სვანიძე, ლევან მესხორაძე, ლადო ჭანტურია, თამარ გაბისონია, კონსტანტინე ვარძელაშვილი, მაია კვირიკაშვილი და ქეთევან მესხიშვილი.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს − ირაკლი ადეიშვილს, კონსტანტინე კორკელიას, ნინო ბაქაქურს, თამარ ალექსიძეს, ბესარიონ ბოხაშვილს, რუსუდან კემულარიას, ნატალია გელაძეს, დავით ჯანდიერს, ვერა დობორჯგინიძეს, ირაკლი დონდოლაძეს და ნიკოლოზ ლეგაშვილს, მათთან გასაუბრება 27 მაისს შედგა.
კიდევ ერთ კანდიდატთან, გიორგი პაპუაშვილთან, გასაუბრება უნდა შემდგარიყო გუშინ, 14:30 საათზე, მაგრამ კანდიდატი კონკურსს საკუთარი ნებით გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურს მასში მონაწილეობა.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის თითოეული წევრი კანდიდატს გასაუბრების დღესვე შეაფასებს და ქულას მიანიჭებს; კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, კომისიის სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ჯამური ქულების გამოყვანის პროცესზე დასწრება შეუძლიათ შესარჩევი კომისიის წევრებს, როგორც ეს იყო წინა კონკურსის დროსაც. სამდივნოს მიერ კომისიის წევრების მიერ დაწერილი ქულების დაჯამების შედეგად შედგენილი ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო, 5-კანდიდატიანი სია, რომელშიც ორივე სიიდან შევლენ საუკეთესო შედეგების მქონე კანდიდატი ქალები და მამაკაცები. ევროპის საბჭოს სტანდარტის შესაბამისად, სია უნდა იყოს გენდერულად დაბალანსებული. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა წარდგენილი კანდიდატებიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა და საბუთები თავდაპირველად წარედგინება ევროსაბჭოს ექსპერტებისგან შემდგარ მრჩეველთა პანელს, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის საფუძველზე და გასცემს რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც კენჭს უყრის სიის მისაღებობას და, დადებითი კენჭისყრის შემთხვევაში, მოუსმენს სამივე კანდიდატს. გასაუბრებების შემდეგ კომიტეტი რეკომენდაციას გაუწევს ერთ ან მეტ კანდიდატს. პროცედურის დასასრულ, კანდიდატთა სამპირიანი სია წარედგინება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, რომელიც ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან:
საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე − თეა წულუკიანი;
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე − დავით ზალკალიანი;
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი − შალვა თადუმაძე;
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორი წარმომადგენელი, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე − მამუკა ვასაძე;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე − მზია თოდუა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − მერაბ გაბინაშვილი;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე წარმომადგენელი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი − დიმიტრი გვრიტიშვილი;
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარე − სოფიო კილაძე;
საქართველოს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი − უჩა ნანუაშვილი;
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზაზა ხატიაშვილი;
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ („სიფა“) წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ზვიად კორძაძე;
სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი − ირაკლი ბურდული;
კოალიციის − „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ − წარმომადგენელი, თავმჯდომარე − ანა ნაცვლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები