არჩევნებში რუსეთის ჩარევის გასანეიტრალებლად აშშ საქართველოს ფულს გამოუყოფს

აშშ-ს სენატში მხარდაჭერილი კანონპროექტით, რუსეთის ზეგავლენის საწინააღმდეგო ფონდიდან ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად თანხას საქართველო და უკრაინაც მიიღებენ.

აღნიშნული კანონპროექტი საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში რუსეთის გავლენის დაძლევას მოემსახურება, რისთვისაც 2018-2019 წლებში აშშ 250 მილიონ დოლარს გამოყოფს და ის ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე, დაცვის იმ მექანიზმების შემუშავებას მოხმარდება, რომელიც აუცილებელია არჩევნების ჩასატარებლად.

თანხის გამოყენება შეეძლება სამოქალაქო საზოგადოებას, მედიასა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსულ პროპაგანდას წინააღმდეგობას უწევენ.

სენატორებს ასევე სურთ, დაავალდებულონ პრეზიდენტი, რომ მან ყოველწლიურად წარუდგინოს კომიტეტებს რუსეთის მიერ კონტროლირებად და მოსკოვის სპონსორობით მომუშავე მედიასაშუალებების სია.

ამ ინიციატივას ცოტა ხანში სენატის მთლიანი შემადგენლობა განიხილავს, რის შემდეგაც წარმომადგენელთა პალატა დაამტკიცებს, საბოლოოდ კი პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

პოლიტოლოგ, თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას თქმით, აშშ და დასავლეთი საბოლოოდ მაინც იქამდე მივიდნენ, რომ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა მარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს არ შეუძლიათ.

“მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ დაეხმარონ სამოქალაქო სექტორს, საზოგადოებას, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ რუსულ პროპაგანდას, რომელიც საკმაოდ ძლიერია. თუმცა ამ საკითხში მხოლოდ დახმარება არ არის გადამწყვეტი. აქ ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ფაქტორი – რამდენად არიან მზად, რომ რუსულ კამპანიას წინააღმდეგობა გაუწიონ.”ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო საკმაოდ კარგად ართმევს თავს (რუსული განწყობა ძირითადად მაინც უფრო ასაკოვან თაობაშია), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ არაფერი გავაკეთოთ. იმიტომ, რომ რაც დრო გადის, ის სულ უფრო ძლიერდება და იხვეწება, სულ უფრო რთული ხდება მისი გაშიფვრა, რაც გავლენას ახდენს საზოგადოებრივ განწყობაზე.

“აქედან გამომდინარე, რუსული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად გაწეული დახმარება თავისთავად მისასალმებელია”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ფონდიდან გამოყოფილი თანხები საქართველოში პროდასავლურ ძალებსა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას მოხმარდება.

“დააფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასაშუალებებს, რომელთა დახმარებითაც ალბათ შეიქმნება სხვადასხვა პროექტი მოსახლეობის ინფორმირებისთვის და რუსული პროპაგანდის დასაპირისპირებლად”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსი, “ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის” პრეზიდენტი ირაკლი კიკიანი კი აცხადებს, რომ “რუსეთი, ფაქტობრივად, ჰიბრიდულ საინფორმაციო ომს აჩაღებს, რაც გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში ძალიან ცუდად ილექება”.

“ხშირად ხდება ყალბი ფასეულობების, ღირებულებების აღიარება, რასაც ხშირად დაპირისპირება შეაქვს მოსახლეობაში. აქედან გამომდინარე, აშშ, რომელსაც გარკვეულწილად საკუთარ თავზე აქვს აღებული მსოფლიო წესრიგის დამყარების ვალდებულება, კარგად ხვდება, რომ ეუთო და გაერო ვერ ასრულებენ საკუთარ ვალდებულებას, ამიტომ მას უწევს ამ ვალდებულების შესრულება. ბუნებრივია, ეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქტუალობისა და მნიშვნელობის აღიარებაა”, – ამბობს ირაკლი კიკიანი.

ის ფაქტი, რომ აშშ ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების გვერდით საქართველოს განიხილავს, კორნელი კაკაჩიას შეფასებით, თავისთავად ნიშნავს, რომ აშშ-სთვის საქართველო ისეთივე სტრატეგიული მნიშვნელობისაა, როგორიც დასავლეთ ევროპის ქვეყნები.

“გარდა ამისა, აქ მოიაზრება, რომ საქართველოსა და უკრაინას აქვთ შანსი, გახდნენ დასავლური სამყაროს შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომაც არის, რომ აშშ ინვესტიციას ამ ორ ქვეყანაში დებს”, – აცხადებს კორნელი კაკაჩია.

ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ აშშ-სთვის საქართველო ზუსტად ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორიც ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

“საქართველო ნატოს საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, მიუხედავად რუსეთის ფაქტორისა, ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი გრძელდება, ამ პროცესს კი ხმაური არ სჭირდება. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტი შედგა, მათ შორის პრემიერ კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ ტრამპის თუნდაც ხანმოკლე შეხვედრა. სკეპტიკოსებს მინდა ვუთხრა, რომ იგი დიდი ხნით არავის შეხვედრია, ერდოღანთან 20-წუთიანი შეხვედრა ჰქონდა. მოკლედ, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილება და აშშ-ის ინტერესების არეალში რჩება”,-აცხადებს ამირან სალუქვაძე.

ირაკლი კიკიანი კი აცხადებს, რომ ამით აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობის ხაზგასმა კიდევ ერთხელ მოხდა.

“თუ გავითვალისწინებთ აშშ-ს გადაწყვეტილებასაც, რომ სანქციები დაუწესდეს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოახდენენ ინვესტირებას, ეს კიდევ ერთი ძალიან მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოსთვის. დასავლეთი და აშშ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სტრატეგიულ პარტნიორს, არამედ დასავლური სამყაროს შემადგენელ ნაწილს”, – ამბობს ირაკლი კიკიანი.

რაც შეეხება არჩევნებში რუსეთის ჩარევის აღსაკვეთად ფონდიდან თანხების გამოყოფას, კაკაჩია ამბობს, რომ ეს განპირობებულია გამოცდილებით, როდესაც აშშ-სა და საფრანგეთში არჩევნებისას ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

“მე ვფიქრობ, ეს განპირობებულია იმით, რაც აშშ-მა თავის თავზე იწვნია, როდესაც მის არჩევნებში რუსეთის მხრიდან ჩარევა მოხდა. იგივე განმეორდა საფრანგეთის არჩევნებზე.

“როდესაც საფრანგეთში და მით უმეტეს აშშ-ში, სადაც მოწინავე ტექნოლოგიებს ფლობენ, უჭირთ მსგავსი ჩარევის გაუვნებელყოფა, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს კიდევ უფრო რთულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი სწორედ ამის გამოძახილია, რათა რუსეთმა მანიპულაციებით არჩევნების შედეგზე ვერ მოახდინოს გავლენა”, – ამბობს კორნელი კაკაჩია.

ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ შესაძლოა, დაფინანსება საარჩევნო სისტემის დასაცავად გამოიყოს.

“თუმცა ჩვენ არ გვაქვს ავტომატიზებული სისტემა, როგორც რუსეთში, აშშ-ში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებშია. საფრანგეთმა, საფრთხიდან გამომდინარე, ავტომატიზებული სისტემა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე გათიშა.

“პირველ რიგში, რუსული პროპაგანდის გაძლიერების შესარბილებლად იქნება დაფინანსება გამოყოფილი. ეტყობა, რუსეთის ზემოქმედება მართლაც ძლიერი იყო. აშშ-ში და, ზოგადად, დასავლეთში ბევრი გამოცემა ან ცალკეული ჟურნალისტები, ანალიტიკოსები ფინანსდებიან რუსული ფულით. შემდეგ რუსული მედია ამ პუბლიკაციებს იშველიებს, როგორც დასავლური მედიის რეაქციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. საკმაოდ დახვეწილად და მასშტაბურად მუშაობენ. აშშ-ის ეს ინიციატივა, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილების ფორმა არ მიუღია, სწორედ საპასუხო რეაქციაა”, – ამბობს ამირან სალუქვაძე.

ირაკლი კიკიანის აზრით კი, აშშ-ს მხრიდან არჩევნებში გარე ჩარევისაგან თავის დასაცავად ფინანსების გამოყოფით რუსული საინფორმაციო შეტევის განეიტრალება მოხდება.

“ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოსახლეობასთან მივიდეს სწორი და ობიექტური ინფორმაცია, რაც შეაფერხებს რუსულ პროპაგანდას. სამწუხაროდ, საქართველოში აშკარად გამოხატული პრორუსული ტელევიზიები და მედია ორგანიზაციები ფინანსდება. ამიტომ, მე ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწევს, გადახედოს თავის პოლიტიკას მედიის დაფინანსებასთან დაკავშირებით”, – ამბობს ირაკლი კიკიანი.

ამირან სალუქვაძე

წყარო: “რეზონანსი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები