ნინო გვენეტაძე: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის განცხადებით, სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე იქნება.
,,მე მაქვს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია. კომისია, რომელიც მუშაობს სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლის გამწესების საკითხებთან დაკავშირებით და უძღვება გასაუბრებას, იქნება ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
​ცნობისათვის, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს დილით დაიწყო. კონკურში 23 კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც კონკურსის პირველი ეტაპი – გამოცდა უცხო ენაში უკვე ჩააბარეს. სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს, შემდეგ მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, სტრასბურგის სასამართლოში კი მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა.
​ეს პოსტი უკვე რამდენიმე თვეა, ვაკანტურია. კანდიდატების შესარჩევად, თავდაპირველად, ქართულმა მხარემ კონკურსი გასულ წელს ჩაატარა და სამი კანდიდატი წარადგინა სტრასბურგი სასამართლოში. შარშან წარდგენილი – გიორგი ბადაშვილის, ევა გოცირიძის და ალექსანდრე ბარამიძის კანდიდატურებიდან სასამართლოში სამუშაოდ არც ერთი არ დამტკიცდა. პროცესის გაჭიანურების გამო, სტრასბურგში ქართველ მოსამართლეს, ნინა წოწორიას თებერვლის შემდეგ უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა. ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები