ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელში ჩავიდნენ

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, სესიის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოკუპირებული ახალგორის მოსაზღვრე სოფელ ოძისში ჩავიდნენ. სოფელ ოძისში, უცხოელ დიპლომატებს არსებულ ვითარებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი აცნობდა. ყურადღება გამახვილდა იმ საფრთხეებზე, რომელიც რეგიონში რუსული სამხედრო ძალების ყოფნის დროს რჩება. ისაუბრეს პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების დროს ექმნება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებთან საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს, იმსჯელეს ოკუპირებული რეგიონებისთვის გამიზნულ სტრატეგიასა და რუსეთის სამხედრო მოდერნიზაციაზე – ყველა აღნიშნულ საკითხზე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იმსჯელებენ.
როგორც ცნობილია, ნატოს არაწევრ ქვეყნებში საპარლამენტო ასამბლეა იშვიათად ჩადის და ეს პოლიტიკური მხარდაჭერის მაჩვენებელია. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მეორე დღე თბილისში ოფიციალურად გაიხსნა. ამ წუთებში, ერთმანეთის პარალელურად, 3 საკომიტეტო მოსმენა მიმდინარეობს, ესენია თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და უსაფრთხოების და მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კომიტეტები.
შეგახსენებთ, რომ თბილისში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიხსნა. დედაქალაქი ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების 600-მდე დეპუტატს მასპინძლობს. უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები