ლევან იზორია: ჩვენი პოლიტიკით და რეფორმებით, თქვენთან ერთად, დავიცავთ ნატოს მთავარ ღირებულებებს

„ჩვენი რეფორმების ძირითადი მიზანი განპირობებულია სწორედ ნატოს მიერ განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა იყოს ერთგული იმ ღირებულებებისა, რის გამოც შექმნილია ნატო.
„ჩვენი რეფორმების ძირითადი მიზანი განპირობებულია სწორედ ნატოს მიერ განსაზღვრული სტრატეგიული მიმართულებების ფარგლებში, კერძოდ, განახლებული შეკავების პოლიტიკის ფარგლებში, რომლის მიზანია როგორც წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერება და მდგრადობის უზრუნველყოფა, რომლის მიზანია ადეკვატური თავდაცვითი დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლის მთავარი პრიორიტეტია რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მათ შორის, შავი ზღვის ფარგლებში. ასევე, ჩვენი მთავარი სიძლიერე გახლავთ სწორედ საერთაშორისო მისიებში ჩვენი თანამონაწილეობის მაღალი ხარისხი. ეს რაზეც ვისაუბრე, არის დასტური იმისა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა იყოს ერთგული იმ ღირებულებებისა, რის გამოც შექმნილია ნატო. მე აქვე შეგახსენებთ ბატონი სტოლტენბერგის სიტყვებს, რომელიც მან ბრძანა სწორედ თქვენი თავყრილობის ფარგლებში, სტამბოლში, გასული წლის ნოემბერში, რომ თავისუფლებას ყოველთვის სჭირდება დაცვა, ის არ არის ნაბოძები, ის არის მუდმივი ბრძოლისა და მუდმივი დაცვის ობიექტი, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკით, რეფორმებით, თქვენთან ერთად, დავიცავთ ამ მთავარ ღირებულებებს“, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები