იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ

იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. სამთავრობო კომისიის წევრებმა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს, უკვე მოუსმინეს ერთ-ერთ კანდიდატს, ირაკლი ადეიშვილს და ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, კოტე კორკელიას.
დღეს შესაძლოა, ერთ-ერთმა კანდიდატმა, დავით ჯანდიერმა კანდიდატურა მოხსნას. ის გასაუბრებაზე დღის 4 საათზეა დაბარებული და სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი მისი გადაწყვეტილება.
სახალხო დამცველი და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არიან, იმედს გამოთქვამენ, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კომისიის წევრები მაღალი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგნენ საკითხს,რომ სტრასბურგის სასამართლომ ქართველი კანდიდატების დამტკიცებაზე მეორედ არ თქვას უარი.
​შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა 25 მაისს, კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
სამთავრობო საკონკურსო კომისია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის მსურველ 5 კანდიდატს შეარჩევს, შემდეგ მთავრობას წარუდგენს, საიდანაც 3 კანდიდატი შეირჩევა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება, ხოლო სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ ერთი კანდიდატი შეირჩევა.
ეს პოსტი ვაკანტური თებერვლიდანაა, თუმცა იმის გამო, რომ პირველ ჯერზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ არ მოხდა საქართველოდან წარდგენილი კანდიდატების დამტკიცება, პროცესი გაჭიანურდა. სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს, ნონა წოწორიას კი უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა.
ამ თანამდებობაზე კანდიდატი 10 წლის ვადით ირჩევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები