გიორგი გახარია: ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს

„ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შესახებ კომენტარის დროს განაცხადა. გიორგი გახარიამ მოადგილეებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი სივრცეები, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს სამი ლოკაცია – „აწარმოე საქართველოში,“ „სტარტაპ საქართველოს“ შოურუმი და ტექნოპარკის სივრცე დაათვალიერა. მინისტრი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე, სამხედრო წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
„პირველ რიგში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მინდა მივულოცო ეს დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ყველა ჩვენგანისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, რომელიც გვაერთიანებს, მსოფლმხედველობისა და შეხედულებების მიუხედავად. ვეცადეთ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ქვეყნის მშენებლობაში რაღაც სახით არის ჩართული, ეს იქნება მიკრომეწარმე, ეს იქნება სტარტაპერი თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, გაგვეერთიანებინა და სწორედ ისინი არიან დღეს ჩვენს ლოკაციებზე წარმოდგენილი. ეს ადამიანები არიან უზომოდ ამაყნი თავიანთი ქვეყნით, საქმიანობით და მინდა, პირველ რიგში, მათ მივულოცო ეს დღესასწაული. შედეგზე ორიენტირებული საერთო შრომა გაგვაერთიანებს და ვფიქრობ, რომ ასეთ დღესასწაულებს ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვთ ის პოზიტიური ენერგია, რომელიც წარმატების საფუძველი უნდა გახდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად არის ჩართული 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებებში, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. 26 მაისს, რუსთაველის გამზირზე ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს სივრცე „აწარმოე საქართველოში,“ სადაც მოწყობილია სამეწარმეო მარკეტი. ამ სივრცეში საკუთარი პროდუქცია წარმოდგენილი აქვთ პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“  18 ბენეფიციარს, საპარტნიორო ფონდის ბენეფიციარებს და რამდენიმე ათეულ დამწყებ მეწარმეს. მნიშვნელოვანია, რომ „აწარმოე საქართველოში“ წარმოდგენილია „სტარტაპ მარკეტთან“ ერთად, რომელსაც უკვე დამკვიდრებული ბრენდის იმიჯი აქვს ახალგაზრდა მეწარმეებს შორის და შესაბამისად, მათთვის ძალიან საინტერესოა.
დამთვალიერებლებისთვის საკმაოდ საინტერესოა ტექნოპარკის სივრცეც, სადაც მიმდინარეობს ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) სტარტაპების მიერ დამზადებული ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
თბილისში მიმდინარე ღონისძიებების პარალელურად, რუსთაველის თემაზე საინტერესო აქტივობები ხორციელდება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში, სადაც ჩამოსული სტუმრებისთვის ქართული კულტურის შესახებ საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სტუმრებს აეროპორტებში განსაკუთრებული სიურპრიზიც ხვდებათ ბრენდირებული ქართული ღვინის სახით.
ამასთან ერთად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ახალციხეში მიმდინარეობს გამოფენა-გაყიდვა, ხოლო რაბათის ციხეში მსახიობების, სპეციალური დეკორაციებისა და წარმოდგენების საშუალებით რუსთაველის ეპოქა ცოცხლდება. ღონისძიებაში 50-მდე მსახიობი, ქართული ორთაბრძოლის ოსტატები და საჰაერო შოუს აკრობატები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები