ლევან იზორია: ქვეყნის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი

“ქვეყნის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი”,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღეს ახალწვეულთა ფიცის დადების ცერემონიალზე განაცხადა. იზორიას თქმით, სამშობლოს დაცვა რჩეულის ხვედრია, რომელსაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად და ქვეყნის ღირსების დასაცავად თავგანწირვის ღვთიური ძალა გააჩნია. მისივე თქმით, ქვეყნის ერთიანობას და დამოუკიდებლობას ყველა ეპოქაში დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ”ქვეყნის თავდადება მუდამ იყო და არის ქართული მხედრული სულის სიმტკიცის საფუძველი. ამიტომაც, ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქართული მხედრობის ლოცვა ერის განსაკუთრებული მადლიერების გამოხატულებაა. ჩვენ, პირველ რიგში, სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებზე ლოცვა და მათი სახელების უკვდავყოფა გვაძლიერებს. მადლობა მათ, ვინც ეს დღე თავგანწირვითა და თავდადებით მოგვიტანა. არც თავისუფლება არსებობს მისი დაცვის ვალდებულების გარეშე. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში, ევროატლანტიკურ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრება, უპირველეს ყოვლისა, თავისუფლების დასაცავად, მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი ვალდებულების აღებას გულისხმობს, რაც საკუთარი წილი თავისუფლების, საკუთარი წილი მოვალეობით გაძლიერებას მოითხოვს. დღეს, ამ მოვალეობას ქართველი ჯარისკაცები ნატოსა და ევროკავშირის მისიის ფარგლებში, ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან ერთად ასრულებენ. ისინი საკუთარ თავზე თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობასაც იღებენ, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისა და თავისუფალ საზოგადოებათა სამყაროში საქართველოს ინტეგრაციისთვის, სამყაროში, სადაც თავისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამართლის გარეშე შეუძლებელია. სწორედ სამშობლოს უსაფრთხოებას, მისი დემოკრატიული და თავისუფალი განვითარების იდეას ემსახურება ქართველი ჯარისკაცი საერთაშორისო მისიებში. ქედს ვიხრი მათ წინაშე, ვინც სამშობლოსგან შორს სამშობლოსთვის თავი გასწირა”,- აღნიშნა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები