ვიქტორ დოლიძე თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: გამოძიებამ რეაგირება უნდა მოახდინოს

თუკი ჩვენ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო, გამოძიებამ რეაგირება უნდა მოახდინოს, – ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სახელმწიფო აუდიტორ ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ დაპირისპირებას.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის კანონის უზენაესობა უმთავრესია.
„მთავრობის ნებისმიერი წარმომადგენლისთვის არის უმთავრესი კანონის უზენაესობა, სადაც დაირღვა კანონი, სადაც არის დანაშაულის ნიშნები. გამოძიებამ ზედმიწევნით სწორად უნდა შეისწავლოს, დაადგინოს და მოახდინოს რეაგირება. ეს არის ხელშეუხებელი პროცესი, თუკი ჩვენ გვინდა ავაშენოთ დემოკრატიული და კანონზე დაფუძნებული სახელმწიფო“, – განაცხადა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები