დავით სერგეენკო ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე: გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისა და სახელმწიფო აუდიტორის ლაშა თორდიას შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, აღნიშნულ შემთხვევას არ სჭირდება განსაკუთრებული კომისიის შექმნა, რადგან გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს.
„მოხდა მართლაც სამწუხარო ამბავი, რომელსაც საბედნიეროდ, მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები მოყვა. უნდა მივცეთ გამოძიებას იმის საშუალება, რომ უტყუარად დაადგინოს ეს ყველაფერი. ამ ინციდენტს პოლიტიკური სარჩული გაუჩნდა იმის გამო, რომ მასში მონაწილე ადამიანები იყვნენ მოქმედი ან  ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები. შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული საერთაშორისო ან საპარლამენტო კომისიების შექმნა და მჯერა, გამოძიება უტყუარად დაადგენს ყველაფერს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას 12 მაისს თავს დაესხნენ. თორდიას თქმით, მას შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, თავს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს. თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები