ალექსანდრე ჯეჯელავა: დემირელის სკოლის მენეჯერის დაკავება დაწესებულებას პრობლემებს არ შეუქმნის

საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი სასწავლო დაწესებულებას პრობლემებს არ შეუქმნის.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დემირელის სკოლას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის ისეთვე მნიშვნელობა აქვს, როგორც დანარჩენ 3 ათასამდე სკოლას.
მისივე ინფორმაციით, დემირელის სკოლის ფუნქციონირების შეზღუდვასთან დაკავშირებით ანკარას მხრიდან მოთხოვნა არ ყოფილა.
„ყველა სკოლა მნიშვნელოვანია მისი მოსწავლეებისთვის, თუმცა ყოველ წელს 15-მდე სკოლა სხვადასხვა მიზეზით კარგავს ავტორიზაციას. შარშანაც გვქონდა ასეთ შემთხვევები, წელსაც გვექნება. ეს ის შემთხვევა არ არის, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ არ მგონია, ამ ადამიანის დაკავებამ სკოლას პრობლემა შეუქმნას, არ ვთვლი, რომ ასე მოხდება. რაც შეეხება იმას, დემირელის სკოლას რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის – ისეთივე, როგორც დანარჩენ 3 000 სკოლას.
თურქული მხარე გამოხატავს თავის წუხილს მათი კვალიფიკაციით ტერორისტული ორგანიზაციის შესაძლო კავშირების შესახებ საგანმანათლებლო სისტემაში. ჩვენ თავიდანვე დავარწმუნეთ ჩვენი კოლეგები, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს ნებისმიერ სკოლაში არაფერი დაემუქროთ, მათ შორის, არანაირი იდეოლოგიური ზეწოლა მათზე არ იყოს. მე მგონია, ამით პასუხი გაეცა ამ შეკითხვებს. რაც შეეხება იმას, რომ ზოგადად მეტი ყურადღება გვმართებს ნებისმიერ სკოლასთან დაკავშირებით და მონიტორინგის და კონტროლის სტანდარტი უნდა იყოს მაღალი, ამას მე ვიზიარებ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით თბილისის დემირელის კოლეჯის ერთ-ერთი მმართველი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს.
როგორც აბდულა ემრე ჩაბუქის ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი განმარტავს, ოფიციალური ანკარა დემირელის კოლეჯის მენეჯერს ფეტულა გიულენის ორგანიზაციასთან FETO-სთან კავშირს ედავება და მისი მიზნების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლო აბდულა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობას შეუფარდებს, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამიდან 9 თვემდე დაჰყოფს, ამ პერიდოში საქმე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეისწავლოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მისი ექსტრადაციის შესახებ იუსტიციის მინისტრი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები