კობა გვენეტაძე: ყველა რეგისტრირებული მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია მოწმდება და შემუშავდება ჯარიმები

„ყველა რეგისტრირებული მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია მოწმდება და შედეგი შემოწმების დასრულებისთანავე გახდება ცნობილი“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
მისივე განმარტებით, ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს.
“ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით კომპანიებმა სხვადასხვა გზები გამონახეს. ეცადნენ, გაეკეთებინათ ისე, რომ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში, რომელშიც ყველა ხარჯი უნდა იყოს ჩართული, არ მოხვედრილიყო, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნებოდა. ეროვნული ბანკის რეგულირების ქვეშ ის ონლაინ-კომპანიებია, რომლებიც დაფიქსირდნენ, როგორც ონლაინ კომპანიები და რომლებიც არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ჩვენ ამ კომპანიებისგან მოვითხოვეთ ინფორმაცია. გავაანალიზეთ, ყველაფერს შევხედეთ. ახლა გვაქვს გასვლითი შემოწმება, ახლა ვიღებთ ხელშეკრულებებს. ვნახულობთ, ამ ხელშეკრულებებში ხომ არ არის რაიმე ისეთი, რომელშიც არ ჩადეს რაიმე ხარჯი, ხომ არ დაირღვა ეფექტური პროცენტის ლიმიტი – ზედა ზღვარი. ამასთან დაკავშირებით შემუშავებულია ჯარიმები. როგორც კი დავასრულებთ, შედეგებს გამოვაქვეყნებთ, თუ როგორ ჩაიარა ამ შემოწმებამ და რა შედეგები გვაჩვენა. საუბარია იმ კომპანიებზე, რომელიც ჩვენთან რეგისტრირდებიან“, – აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
მისივე განცხადებით, არიან კომპანიები, რომლებიც არ რეგისტრირდებიან როგორც მიკრო- საფინანსო ორგანიზაციები.
გვენეტაძე ამბობს, რომ ყველა იმ პირს, რომელსაც აღებული აქვს სესხი და ფიქრობს, რომ არ მოხდა კანონით დადგენილი პირობების დაცვა, უფლება აქვს ხელშეკრულება სასამართლოში გაასაჩივროს.
2017 წლის იანვრიდან ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები