ლაშა თორდია: არ ვდებ თავს წმინდანობაზე, მაგრამ საუბარი ჩემს მორალურ მხარეზე არ არის მნიშვნელოვანი

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინტერესებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტები დაიცავენ. აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ავალიანმა განაცხადა, ოთარ ფარცხალაძისა და ლაშა თორდიას დაპირისპირების საქმეზე ობიექტური გამოძიების ჩატარება ეჭვს იწვევს.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს ჩაერთო ამ საქმეში და ლაშა თორდიას სამართლებრივ ინტერესებს იცავს. გამოვხატავთ უკიდურეს შეშფოთებას იმის გამო, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს თავს ესხმიან. ეს თავდასხმა უკავშირდება მის სამსახურეობრივ საქმიანობას. ლაშა თორდიას თავს დაესხნენ ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები პირები. სამწუხაროა, რომ ამ საქმით არ დაინტერესებულა პარლამენტი. გარდა ამისა, ბევრი ხარვეზია ამ საქმეში“, – განაცხადა ავალიანმა.
პრესკონფერენციაზე ლაშა თორდიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის მთავარია, აუდიტის სამსახურმა საქმე ბოლომდე მიიყვანოს. გენერალური აუდიტორი ფიქრობს, რომ “პამ კლუბში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ფორსირებულ დროში დაკითხავენ და წარიმართება საგამოძიებო და სასამართლო პროცესები.
“მე არ გამოვრიცხავ არაფერს. დარწმუნებული ვარ დამიბარებენ დაკითხვაზე. ფორსირებულ დროში ჩატარდება ყველაფერი. თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს. არასდროს დავანებებ თავს ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის ფაქტს, რადგან ერთი არის თავდასხმის ფაქტი და მეორეა, რომ მთელი სახელმწიფო სისტემა ცდილობს ჩემს დისკრედიტაციას”, – აცხადებს თორდია.
როგორც თორდიამ აღნიშნა, ვიდეოები, რომლებიც გავრცელდა, მის დისკრედიტაციას ემსახურება.
“ვიდეოები, რომელიც მათ წარმოადგინეს, არის შორი ხედიდან გადაღებული, რათა კარგად ვერ დაინახოს საზოგადოებამ, თუ რა მოხდა. მეორე ვიდეო არის ყველა რაკურსით კარგად დამონტაჟებული, რათა ჩემი დისკრედიტაცია მოხდეს და წარმომაჩინონ როგორც დებოშიორი პირი. ეს არის, რათა გადაიფაროს აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა. ცალკე მსჯელობის საგანია, საიდან ჰქონდა იმ პირს წვდომა ამ ვიდეოზე ვინც ატვირთა. მასზე ზეწოლაა და მე პირადად ვუხდი მას ბოდიშს, რადგან ამ საქმეში იყენებენ. არავისი არ მეშინია. საზოგადოებას მივმართავ, არ ვდებ თავს წმინდანობაზე, ისაუბრეთ ჩემს მორალურ მხარეზე ეს არ არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის მთავარია, რომ აუდიტის სამსახურმა საქმე მიიყვანოს ბოლომდე და ამ ადამიანმა კორუფციის გამო, პასუხი აგოს. კადრები რაც გავრცელდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას არ უკავშირდება”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები