„ახალგაზრდა ადვოკატები“: უცხოელი პარტნიორები გიორგი პაპუაშვილის ევროსასამართლოში მოსამართლედ წარდგენაზე მუშაობენ
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროსასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი, სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ სამთავრობო კომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ 5-წევრიან პრეტენდენტთა სიაში მოხვდეს“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
კაიკაციშვილის ინფორმაციით, გიორგი პაპუაშვილმა ევროსასამართლოში მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ხელმეორედ მონაწილეობის გადაწყვეტილება უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის შემდეგ მიიღო. მისი შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი სამთავრობო კომისია გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, უცხოელი პარტნიორების გავლენის საფუძველზე, არ არის გამორიცხული, საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის, გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურაც წარუდგინოს. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია პროცესის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტის საფრთხეს ხედავს, რაც ქვეყნის იმიჯს და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს მნიშვნელოვნად აზარალებს.
„სამთავრობო კომისიამ პრინციპული დამოკიდებულება უნდა გამოთქვას გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის მიმართ და მასთან გასაუბრების დროს არ დაუშვას შერჩევითი დამოკიდებულება. იქიდან გამომდინარე, რომ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია, გიორგი პაპუაშვილი დადგენილი მოთხოვნებიდან ვერ აკმაყოფილებს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მოთხოვნებს. სამთავრობო კომისიამ მისი კანდიდატურა ევროსასამართლოს მოსამართლეობის პირველ შესარჩევ კონკურსში სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმებთან კონფლიქტის გამო ჩააგდო.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მოსამართლე ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს. აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურაში, თაღლითობის მუხლით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც, სადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ქონების – ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე, რომელიც 2004 წელს სახელმწიფოს მოქალაქისთვის არ ჩამოურთმევია და გიორგი პაპუაშვილმა 2010 წელს, ამხანაგობის კრების საფუძველზე, ამხანაგობის თავმჯდომარის იძულების შედეგად დაირეგისტრირა. შესაბამისად, სამთავრობო კომისიის მომავალი გადაწყვეტილებები თავად განსაზღვრავს, რამდენად თავისუფალი ნების პირობებში მოხდება კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა და რამდენად ერთგული დარჩება სახელმწიფო გიორგი პაპუაშვილთან პირველ გასაუბრებაზე გამოთქმული პრეტენზიების ერთგული“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სამთავრობო კომისიის ახალი წევრი ორგანიზაცია „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ გახდა.
მისი თქმით, ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ სიფა-ს გამგეობის წევრია გოჩა გოგიშვილი, რომელიც გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დამცველია საერთო სასამართლოებში მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან წარმოებულ დავაში. შესაბამისად, კაიკაციშვილის განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გიორგი პაპუაშვილის მიმართ გამოთქმულ შეფასებას და მხარდაჭერის ხარისხს, ვინაიდან რთულია ორგანიზაციამ ობიექტური დამოკიდებულება შეინარჩუნოს გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის განხილვის დროს.
კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები უკიდურესად ფორმალური ხასიათისაა, რაც მისი თქმით, გიორგი პაპუაშვილს მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.
„ვიდრე როლანდ ბლადაძე ქონებრივ უფლებებში არ აღდგება, სახელმწიფო სამართლიან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და გიორგი პაპუაშვილი ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ არ დათმობს სხვის ქონებას, მისი მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია დაკნინებული იქნება“, – განაცხადა კაიკაციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.