“რაკიას” წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ მოგებულ სასამართლო პროცესს აფასებს

“რაკია ჯორჯიას” წარმომადგენლის ბეკა ხრიკაძის განცხადებით, “პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს.
როგორც ხრიკაძე აღნიშნავს, ისინი კმაყოფილები არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
“ჩვენ კმაყოფილი ვართ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც ჩვენ ბატონი გელას წინააღმდეგ მოვიგეთ. “რაკიას” ინვესტირებული აქვს საქართველოში მილიარდზე მეტი და ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ საქმიანობას.
აღნიშნული განცხადებები აზიანებს, როგორც საინვესტიციო გარემოს, ასევე ხელს უშლის ინვესტიციების შემოდინებას. მე ძალიან მიკვირს ისეთი იურისტისგან, როგორიც ქეთი ქვარცხავაა, ასეთი კომენტარის მოსმენა. მას საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში. მან განაცხადა, რომ სამოქალაქო დავის შესახებ იცოდა.
მინდა გითხრათ, რომ ათეულობით დავა მიმდინარეობს ბატონი გელას წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, შესაბამისად, მის ინტერესებს ყველგან იცავენ მისი იურისტები და ძალიან მეეჭვება, რომ ამ კონკრეტული საქმის შესახებ არ იყვნენ ინფორმირებული. ემირატების კანონმდებლობის თანახმად, მოქალაქეებს, რომელსაც დაუსჯელად მიესჯება პატიმრობა, ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში ხელახლა განიხილება მისი საქმე, ამიტომ, როდესაც ბატონი გელა აცხადებს, რომ ის იჩივლებს, ეს მცდარია. მას შეუძლია ჩავიდეს ქვეყანაში, სასამართლო ხელახლა განიხილავს მის საქმეს და თუ იგი დამნაშავე არ იქნება გაამართლებენ.
რაც შეეხება სასამართლოს ნდობა-არ ნდობის საკითხს, ბატონი გელა წლების განმავლობაში ენდობოდა როგორც შეიხს, ასევე ემირატების სასამართლო სისტემას, ხოლო როდესაც დღის წესრიგში მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, შესაბამისად, გაჩნდა უნდობლობა. მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ენდობა აღნიშნულ სასამართლოს. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილებით ახდენენ თავიანთი მოქალაქეების ექსტრადირებას ემირატებში”,- განაცხადა ხრიკაძემ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრს დღეს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები