გიგლა აგულაშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ წინა მენეჯმენტზე: მათ საქციელს შეიძლება თავხედობაც დავარქვა

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წლების განმავლობაში გარემოზე მიყენებულ ზარალზე საუბრობს. როგორც მინისტრმა „ტვ პირველის ეთერში განაცხადა, კომპანია ელემენტარულ პირობებს და ვალდებულებებსაც არ ასრულებდა.
„ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი იყო ჭიათურაში, მაშინდელ მენეჯმენტთან მქონდა დიალოგი. ჩვენ მერე საჯაროდ გამოვედით, მუნიციპალიტეტში შევიკრიბეთ მოსახლეობასთან ერთად და საჯაროდ დავდეთ ჩვენ მიერ მენეჯმენტთან შეთანხმებული რამდენიმე პირობა. ერთ-ერთი იყო მოპოვებული რესურსის ძარაგადახურული ტრანსპორტით გადატანა. ჩადით, ნახეთ ჭიათურაში თუ ძარაგადახურული ტრანსპორტით დადიან, დღემდე არ დადიან.
არის ასეთი მარტივი წესი – რომ მანქანის სავალი ნაწილები ტრანსპორტირების დაწყებამდე გადაირეცხოს, რომ დიდი რაოდენობით მტვერი არ დადგეს. ეს ხომ ელემენტარული ვალდებულებაა?“ – განაცხადა აგულაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გაუკეთა თუ არა „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტმა იგნორი გარემოს დაცვის სამინისტროს, აგულაშვილმა აღნიშნა, რომ მათი საქციელი თავხედობა იყო. მინისტრის განცხადებით, მათ უნებართვოდ გადათხარეს ტყის 7 ჰექტარი, სადაც ასწლოვანი ხეები იყო.
„მათ საქციელს შეიძლება თავხედობაც კი დავარქვა. როდესაც სიტყვა თავხედობას ვახსენებ, არ შემიძლია ერთი ფაქტი არ გავიხსენო. მათ მოითხოვეს ჩვენგან 17 ჰექტარი ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გადაცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა მოიჭრას ტყე და უნდა დაიწყონ მოპოვება. მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენი სპეციალისტები ჩავიდნენ ადგილზე, რომ ტყის ეს მონაკვეთი შეისწავლონ და თქვან საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა გადაცემა და რა პირობებით შეიძლება. წესით, თუ ნებართვას მივცემთ, ეს მოჭრილი ხეები უნდა გადაეცეს მართვის ორგანოს – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, უნდა დასაწყობდნეს და გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სოციალური ან ეკონომიკური საქმიანობისთვის, ხოლო თუ იქ 50%-ზე მეტია წითელი ნუსხის ხეები მოცულობა, მაშინ კანონში პირდაპირ წერია, რომ იქ არ შეიძლება სამთო საქმიანობის, მოპოვების წარმოება, არ შეიძლება ამ ხეებზე ხელის ხლება.
რა მოხდა რეალობაში – როცა ჩვენები ადგილზე ჩავიდნენ, 17 ჰექტრიდან 7 ჰექტარი დახვდათ არათუ მოჭრილი, არამედ დიდი ბულდოზერებით ძირფესვიანად გადათხრილი, აზელილი მიწაში, მიწის ფენა მთლიანად მოხსნილი. ეს ყველაფერი მათ გააკეთეს უნებართვოდ, რასაც, რა თქმა უნდა, მოჰყვა სანქცია“, – განაცხადა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები