სოზარ სუბარი ლაშა თორდიაზე: შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას, ურჩევნია, განმარტოს, სინამდვილეში რა მოხდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელების განცხადებები გასცდა თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს და გადავიდა რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დღეს გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც სახელმწიფო აუდიტორი ლაშა თორდია ფიგურირებს.
სუბარი სახელმწიფო აუდიტს დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ურჩევს, მოყვეს, რა მოხდა სინამდვილეში.
„შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია, ის განმარტოს, მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა. მე არ ვიცი, რა ხდებოდა. ბოლო რამდენიმე დღის განმვალობაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელები რა განცხადებებსაც აკეთებენ, მეჩვენება, რომ გასცდა მათ თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს და გადავიდა რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, რაც არ შეშვენის ამ უაღრესად მნიშვნელოვან ინსტიტუტს.
ყოველთვის პატივს ვცემდი, მაშინაც კი, როდესაც ისინი, განსაკუთრებით 2012 წლის არჩევნების წინ, აბსოლუტურად გასულები იყვნენ კანონის ფარგლებს მიღმა. თუმცა ძალიან ცუდია, როცა ისინი პოლიტიკურ თამაშებს იწყებენ. ეს ინსტიტუტი უნდა დაუბრუნდეს თავის უაღრესად მნიშვნელივან სახელმწიფოებრივ საქმეს, რისთვისაც არის შექმნილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ამტკიცებს, რომ გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ერთ-ერთი კაფე-ბარის თანამშრომელს, სავარაუდოდ, იარაღით ემუქრება. ვიდეოს ავტორის მტკიცებით, კადრები კაფე-ბარის სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, რომელიც 2016 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს ეხება. ვიდეომასალის ავთენტურობა უკვე დაადასტურა გენერალურმა აუდიტორმა. თორდიას თქმით, აღნიშნული ვიდეოკადრები ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები