კომპანია ”რაკია ჯორჯია” დეპუტატ გელა მიქაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

”პატრიოტთა ალიანსის” დეპუტატ გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში.- ამის შესახებ კომპანია ”რაკია ჯორჯიას” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
”საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გელა მიქაძესა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს გიორგი ჯანაშიას 15 წლით პატიმრობა მიესაჯათ და 17.2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის გადახდა დაეკისრათ. „რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სამივე ბრალდებულს უკანონოდ მითვისებული 17,2 მლნ აშშ დოლარის კომპანიისთვის დაბრუნება დაეკისრა.
გელა მიქაძე სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა. მოსამართლე სამეჰ ჰამედ შეკერი გადაწყვეტილებაში ახსენებს, რომ სამივე ბრალდებული იყო „რაკიას“ ნდობით აღჭურვილი პირი, რომლებმაც კომპანიას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.
ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში.
გვინდა ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ 17.2 აშშ დოლარი ეს არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17,2 მილიონი აშშ დოლარის მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 15 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მიქაძის გარდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ პატიმრობა RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა, RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გიორგი ჯანაშიას შეუფარდა.
განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12,8 მილიონი აშშ დოლარი უნდა აანაზღაუროს, გიორგი ჯანაშიამ კი 4,4 მილიონი აშშ დოლარი.
საქმე ეხება ფოთის საზღვაო პორტისა და ახლად შექმნილი კომპანიის, შპს Raystar Trade-ს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნის შესახებ შეთანხმების დადებას და შემდეგ მის გაუქმებას. კომპანია საქმიანობას 2010-2011 წლებში ეწეოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები