აგულაშვილი „ჯორჯიან მანგანეზზე“: სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონდეს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე მართოს და შედეგები დაიდოს

გარემოს დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ შესახებ ისაუბრა და განაცხდა, რომ მიუხედავად არსებული დარღვევებისა, კომპანიას ლიცენზია არ ჩამოართვეს და აქციონერთა ინტერესები არ შეულახავთ.
მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტთან მის უწყებას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა კომუნიკაცია.
„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია კომპანიის მენეჯმენტთან. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა რესურსი ამოვწურეთ კომუნიკაციის, შეგვეძლო გზაჯვარედინზე აგვერჩია ერთი გზა და ჩამოგვერთმია ლიცენზია. ჩვენ არ წავედით ამ გზით ზუსტად ეკონომიკური, სოციალური და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ჩვენ არ შევლახეთ აქციონერთა ინტერესები, საკუთრების უფლებას არ შევეხეთ, არ ჩამოვართვით ლიცენზია, არ გავაჩერეთ საწარმო, არ გავაუქმეთ სამუშაო ადგილები.
ჩვენი სპეციალური მმართველი 11-მდე წარმოგვიდგენს თავის სამოქმედო გეგმას. ერთ-ერთ პირველს, რასაც ის გააკეთებს, აღადგენს ეკოლოგიის სამსახურს საწარმოში. წარმოგიდგენიათ, რომ ასეთი საწარმო ისე მუშაობს, რომ შესაბამისი სამსახურიც კი არ აქვს“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა.
როგორც უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მათ მიერ დანიშნულ სპეციალურ მმართველს უნდა ჰქონდეს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე იმართოს და შედეგები დადოს.
„ახლა ველოდებით მმართველისგან კონკრეტულ, გაწერილ სამოქმედო გეგმას და კანონიდან გამომდინარე, შესაბამისი პროცედურების შესაბამისად, თვეში ერთხელ, სპეციალური მმართველი სამინისტროში წარმოადგენს ანგარიშს. დღემდე სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა, იქ თუ რაიმე ცუდი მოხდებოდა, მათ შორის გარემოს დაცვითი კუთხით, ეთქვა, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ ტყუის, გამოგვეყენებინა ბერკეტები რაც ჩვენ გვაქვს, ჯარიმის თუ სხვა სახის და გვეთქვა, აი ის არის დამნაშავე. დღეს ამ ტიპის გადაწყვეტილებით, ჩვენ ავიღეთ მთლიანად პასუხისმგებლობა პროცესზე, როგორ იმოქმედებს სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი. მისი ფუნქციები და ასე ვთქვათ, მისი საქმიანობა არ არის მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე დამოკიდებული. მმართველს უნდა ჰქონდეს ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე მართოს და შედეგები დადოს“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
​შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს “ჯორჯიან მანგანეზში” სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია, ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებასა და გადამუშავებას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, არათუ გამოასწორა კომპანიამ საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის. შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა 11 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეტაპობრივი ღონისძიებები იქნება განსაზღვრული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები