დავით საგანელიძე: ჩინეთში გამართულ ბიზნესფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე გარკვეული მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართული ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმის ფარგლებში გადაღებულ ფოტოს ეხება. სურათზე საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად ასახულია აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ოფიციალური წარმომადგენელი.
როგორც საგანელიძემ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განმარტა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნესფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. საგანელიძე კატეგორიულად გამორიცხავს ნებისმიერ იმ ღონისძიებაში მონაწილეობას, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი.
„საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც ვხვდებით რამდენიმე პროვინციის ადგილობრივ წარმომადგენლებს და ვმონაწილეობთ რამდენიმე საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიებაში. ფონდის დელეგაციამ უკვე მიიღო ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა, რომელიც ხუპეის პროვინციაში გაიმართა. ბიზნესფორუმს ჩვენს გარდა, სხვადასხვა ქვეყნის 500–მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. ფორუმი უმსხვილესი ჩინური ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Huahe International-ისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას ჩაის ინდუსტრიაში არსებული უმსხვილესი კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარე იან გიბსი დაესწრო.
მე პატივი მხვდა წილად, როგორც საქართველოს და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენელს მონაწილეობა მიმეღო ფორუმის ოფიციალურ გახსნაში და დანარჩენ ოთხ გამომსვლელთან ერთად მიმემართა დამსწრე საზოგადოებისთვის, მესაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე, საინვესტიციო შესაძლებლობებზე და ასევე, საპარტნიორო ფონდისა და ჩვენი ჩინელი პარტნიორების მიერ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ ბიზნესფორუმში აფხაზეთის ე.წ რესპუბლიკის დელეგაცია არ მონაწილეობდა. სხვა ქვეყნებთან ერთად ფორუმში მონაწილეობდა რუსეთის ფედერაციის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, როგორც აღმოჩნდა, იყო სენერ გოგუა, რომელიც ფორუმის ორგანიზატორების მიერ გადაღებულ ფოტოზეა წარმოდგენილი. ჩემთან გადაღებულ ფოტოზე არსებული პირის ვინაობა სწორედ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდგომ შევიტყვე. აღნიშნული ფოტო ხუპეის პროვინციაში მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციების დათვალიერების დროს ორგანიზატორი მხარის მიერ არის გადაღებული და შესაძლოა, სამახსოვრო ფოტოებზე ჩემს გვერდით ფორუმში მონაწილე ქვეყნების 500 წარმომადგენლიდან ნებისმიერი მათგანი აღმოჩნდეს.
რაც შეეხება ოსი და აფხაზი წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობას, რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ სამხედრო კონფლიქტებში, ჩემი პირადი პოზიციაა, საქმიანი ვიზიტების დროს თუკი მომიწევს მათთან, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა, მზად ვარ, ხელი ჩამოვართვა და ჩვენს საერთო ტკივილზე ვესაუბრო. აქვე კატეგორიულად ვაცხადებ, ნებისმიერ იმ ღონისძიებაში, სადაც ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე იქნება წარმოდგენილი, გამორიცხულია მონაწილეობა მივიღო“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები