ლაშა თორდია ბარში მომხდარ ინციდენტზე – “ნამდვილად არ იყო ეს ჩემი საუკეთესო საქციელი”

“ნამდვილად არ იყო ეს, ჩემი საუკეთესო საქციელი”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია 2016 წლის 24 დეკემბერს, ერთ-ერთ ბარში მომხდარი ინციდენტს, რომელიც სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა.
თორდია აცხადებს, რომ ერთი წლის წინ მომხდარი ინციდენტის დროს ბარში არავინ დაზარალებულა.
მისივე თქმით, მთელი სახელმწიფო სისტემაა ჩართული, რათა ოთარ ფარცხალაძე გამოიყვანონ იმ ვითარებიდან, რომელშიც ახლა არის.
”კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბარში არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა. ნამდვილად არ იყო ეს ჩემი საუკეთესო საქციელი. ამ ბარში არაფერი მომხდარა ისეთი, რომ ახლა ეს ყველაფერი გადაიტანონ იმ კონტექსტში, თითქოს მე ვარ ასეთი კრიმინალი და თავს ვესხმი ადამიანებს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მიშა ჩოხელსაც ვიხილავთ თავგახეთქილს, რადგან შემდგომ თქვან, რომ მას თავი გავუტეხე“, – აცხადებს ლაშა თორდია.
ამასთან, გენერალური აუდიტორი მთავარ პროკურორს მიმართავს და აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძემ დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, ვიდეო, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, ირაკლი შოთაძის პირად მობილურ ტელეფონში ინახებოდა.
”პირდაპირ ვეუბნები ირაკლი შოთაძეს, რომ მას ეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინა და ვიდეოჩანაწერებით მანიპულირება დაიწყო, არ შერჩება. აუცილებლად იქნება გამოძიებული, როდის დაიბარეს ეს ადამიანები, ამ კლუბის თანამშრომლები, რა ზეწოლა განხორციელდა მათზე და ყველა აგებს პასუხს დანაშაულისთვის. აღნიშნული ვიდეო უშუალოდ მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მობილურ ტელეფონში ინახებოდა და მისი მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად ერთ-ერთ მოქალაქეს გაავრცელებინეს. ამდენი ხანია ეს ფაქტი მომხდარია და ამაზე არავის უსაუბრია, ახლა კი მაინცდამაინც, როცა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ”ელ ცენტროში” ჩემზე თავდასხმა, გავრცელდა ეს კადრები”, – განაცხადა თორდიამ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას მონაწილეობით ვიდეო გავრცელდა. კადრები შიდასამეთვალყურეო კამერით არის გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი წერს, ლაშა თორდია იარაღით ბარის თანამშრომელს ემუქრება. ვიდეოს გამავრცელებელი წერს, რომ დაპირისპირების მიზეზი მუსიკის ხმა გახდა. როგორც კადრებში ჩანს, სავარაუდოდ, ვიდეო 2016 წლის 24 დეკემბერს არის გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები