ლაშა თორდია ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოკადრებში მონაწილეობას ადასტურებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ადასტურებს, რომ ნამდვილად არის იმ ვიდეოკადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა. მისი თქმით, კადრები გადაღებულია თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბარში.
თორდია აცხადებს, რომ ვიდეომასალა პროკურატურას ჰქონდა და მას შემდეგ გაავრცელა, რაც “ელ ცენტროში” მასსა და ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა.
“პროკურატურა პირდაპირ არის ამ ვიდეოკადრების გავრცელებაში ჩართული. მაშინვე ვთქვი, რომ ეს მუქარა უკავშირდებოდა ამ პრეცენდენტს, რადგან ვიცოდი, რომ მათ ეს კადრები ჰქონდათ და დადეს. არანაირი სროლა და მსგავსი რამ არ ყოფილა. ერთი თმის ბეწვი არ ჩამოვარდნიათ არცერთ ადამიანს და ამაზე ცალკე ვისაუბრებ, როდესაც ალბათ, დამკითხავს პროკურატურა. ირაკლი შოთაძემ ეს ყველაფერი გააკეთა ვითომ სხვისი ხელით და ამაზე ცალკე გამოძიება აუცილებლად ჩატარდება”, – განაცხადა თორდიამ.
კითხვაზე, ნამდვილად უჭირავს თუ არა იარაღი, თორდია აცხადებს, რომ ნიუანსებზე მოგვიანებით ისაუბრებს. მისივე თქმით, ფალიაშვილზე მდებარე ბარის თანამშრომლები საგამოძიებო უწყებაში სამი დღის წინ დაიბარეს.
პავლე კუბლაშვილი ადასტურებს, რომ კაფეში, რომლის ინციდენტის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ლაშა თორდიასთან ერთად იმყოფებოდა.
ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები