გელა მიქაძე განაჩენზე: ამ საემიროს შეიხი ჰყავს, რომელიც თავად არის მოსამართლეც და პროკურორიც
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრის დეპუტატ გელა მიქაძის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწვეტილება ერთპიროვნულად არის მიღებული.
„ამ საემიროს შეიხი ჰყავს, რომელიც თავად არის მოსამართლეც, პროკურორიც და ბრალმდებელიც, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ერთპიროვნულად იყო გამოტანილი. სასამართლომ 7 წლის წინანდელ და ჩემთვის გაურკვეველ ამბავზე მედავება“, – განაცხადა მიქაძემ.
გელა მიქაძის მიმართ, არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას Gulf Business ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რას ალ ხაიმას სისხლის სამართლის სასამართლომ RAKIA-ს ყოფილ ხელმძღვანელს ხატერ მასაადსა და RAKIA-ს ორ ყოფილ აღმასრულებელ პირს, გელა მიქაძესა და გიორგი ჯანაშიას, ფულადი სახსრების მითვისებისთვის, დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მასაადმა, გელა მიქაძემ და გიორგი ჯანაშიამ, რომლებიც RAKIA Georgia-ში მუშაობდნენ, ჯარიმის სახით 17,2 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადონ.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, გელა მიქაძემ 12,8 მილიონი აშშ დოლარი უნდა აანაზღაუროს, ხოლო გიორგი ჯანაშიამ – 4,4 მილიონი აშშ დოლარი.
საქმე ფოთის პორტსა და კომპანია “რაისტარ ტრეიდს” შორის, 2010-2011 წლებში, შეთანხმების გაფორმებას და შემდეგ მის ანულირებას ეხება.