კახა კალაძე: მიუხედავად მტრების მცდელობებისა, ხელისუფლება ქვეყნის საკეთილდღეოდ იმუშავებს

ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების ნაბიჯი ვინმეს საზიანოდ არ არის მიმართული. ამის შესახებ კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“საქართველოს მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტროს ინიციატივით, მიიღო ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზების, ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციას მომავალი 10 წლის განმავლობაში. მინდა ვისაუბრო კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ამ გეგმის ნაწილია. ეს გახლავთ სანი-სტეფანწმინდის მაღალი ელქტროგადამცემი 500-კილოვოლტიანი ხაზები. ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, გარკვეული დესტრუქციული ძალები არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. ეს გახლავთ ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არა მხოლოდ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, არამედ ქვეყანაში ყველა ენერგეტიკული პროექტის განხორციელებას. ეს გახლავთ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ენერგეტიკულ განვითარებას. ჩვენ ამ ადამიანების მხრიდან ცილისმწამებლურ განცხადებებს ვისმენთ და ისინი დეზინფორმაციით ცდილობენ ადგილობრივი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. თითქოს ეს ხაზები საშიშია ჯანმრთელობისათვის, იწვევს მეწყერს, აზიანებს გარემოს და ა.შ. თუმცა, ეს არ იკმარეს და ბოლო 2 დღის განმავლობაში, ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებას გვაბრალებენ. გვაბრალებენ, თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვყარეთ მიცვალებულები და მათ შეურაცხყოფა მივაყენეთ, ეს არის ტყუილი.
მინდა დაგანახოთ დესტრუქციული ძალების რეალური სახე – ალბათ, ბევრმა ჩვენმა მოქალაქემ იხილა კადრები, როცა სოფელ მუგუდაში მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი ტიროდა, თითქოს მისი გარდაცვლილი შვილის საფლავის გათხრა დავიწყეთ. ეს ქალბატონი ნინო წიკლაურია, მას მართლაც ჰყავს შვილი გარდაცვლილი და კარგად მესმის, რამდენად მძიმეა დედისათვის შვილის სიკვდილი, რადგან მეც შვილმკვდარი დედა მყავს ოჯახში. მინდა დაგანახოთ, როგორ იყენებენ ეს დესტრუქციული ძალები ასეთი ქალის პირად ტრაგედიას თავიანთი ბოროტი ზრახვებისათვის. ეს არის ამორალური, უზნეო საქციელი მათი მხრიდან. ჩვენ დავარწმუნეთ მოსახლეობა და საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ არანაირ საფლავებს არ ვთხრით და აქ არსებობს კადრები და რუკა, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები და სადაც არის საფლავები.
მეორე, რაც მნიშვნელოვანია – ნინო წიკლაური, რომელიც სოფელ მუგუდაში იმყოფებოდა და ტიროდა თითქოს მისი შვილის საფლავის გათხრა მიმდინარეობდა, არასწორია. ეს ქალბატონი ცხოვრობს სოფელ ხანგოში და გარდაცვლილი შვილი დაკრძალულია სოფელ ხანგოს წინამარხის სასაფლაოზე.
მინდა დავარწმუნო როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, რომ არცერთი ნაბიჯი გადადგმული ჩვენი ხელისუფლების მიერ, არ ყოფილა გადადგმული ვინმეს საზიანოდ და ასე იქნება მომავალში. ეს არის სახელმწიფოსთვის სასარგებლო მშენებლობები, ეს არის დამოუკიდებელი და ეკონომიკურად გამართული ქვეყნისკენ სავალი გზის ერთ-ერთი ეტაპი. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე, ზუსტად ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებით არის ეს ყველაფერი შესაძლებელი. და ბოლოს, მიუხედავად გარე თუ შიდა მტრებისა, ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სასიკეთოდ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები