ზურაბ პოლოლიკაშვილი: ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება

ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება, – ამის შესახებ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადა.
”ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ეს არ არის ჩემი გამარჯვება, ეს არის საქართველოს გამარჯვება. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური და მიმზიდველი ქვეყანა ტურიზმის სფეროში. ძალიან ბევრ ადამიანს მინდა გადავუხადო დიდი მადლობა პრემიერ-მინისტრის და უწმინდესის მეთაურობით. ძალიან ემოციური დღე იყო და მინდა მივულოცო მთელ ქვეყანას”, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.
ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს.
„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე. არჩევნები ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გაიმართა ქ. მადრიდში. ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრ-ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები