„თბილისში მდინარეებისა და ხეების კალაპოტებში მშენებლობა უნდა აიკრძალოს და ეს ადგილები რეკრეაციულ ზონებად გარდაიქმნას“

 “​თბილისში კაცზე 4კვ.მ. გამწვანების ზოლი მოდის, ევროპული სტანდარტებით კი საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვ.მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ არქიტექტორმა, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა, მერაბ ბოლქვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
​მერაბ ბოლქვაძე ამ მიმართულებით ჩასატარებელ იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელთა მეშვეობითაც ვითარება უკეთესობისკენ უნდა შეიცვალოს. „თბილისში კაცზე 4კვ.მ. გამწვანების ზოლი მოდის, ევროპული სტანდარტებით კი საშუალო მაჩვენებელი 15-18 კვ.მ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ამიტომ ქალაქის გარე განვითარება უნდა შევაჩეროთ, ამ ტერიტორიებიდან შემოღწეული ჟანგბადით მაინც რომ ვისუნთქოთ. უნდა შევქმნათ გამწვანების ზოლებიც, რასაც წლები დასჭირდება.
მდინარეებისა და ხეების კალაპოტებში მშენებლობა უნდა აიკრძალოს და ეს ადგილები რეკრეაციულ ზონებად გარდაიქმნას. აუცილებლად უნდა „გაიხსნას“ მდინარეები, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებზე მილებში გადის, ზემოდან კი მიწაა დაყრილი, რაც სტიქიური უბედურების რისკს ზრდის( გავიხსენოთ ვერეს ხეობის ტრაგედია), თუკი მდინარეების კალაპოტები მშენებლობისგან გათავისუფლდება, შესაძლებელია მათი მწვანე ზონებად მოწყობა. პირველ რიგში, ვგულისხმობ დუქნის ხევს (ლილო), გლდანის ხევსა და წოწონას ხევს (დიღომი), ასევე, თემქის პარკთან შევძმარის შენაკადს.
უკვე ათვისებულ ტერიტორიებს ვერაფერს ვუზამთ, თუმცა მიწის ქვეშ მოქცეული მდინარის შესართავები ყველგან უნდა გაიხსნას. სხვათა შორის, ვარაზისხევში ძალიან კარგი რესურსი იყო რეკრეაციული ზონის შესაქმნელად, მაგრამ ხელოვნურად გავაფუჭეთ მდგომარეობა. კეკელიძის ხევი მთლიანად ამოივსო, რაც სავალალოა. ცხადია, ამიერიდან ვინც აკრძალულ ზონაში მშენებლობის უფლებას მოითხოვს, უარი უნდა ეთქვას“, – აცხადებს მერაბ ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები