ირაკლი კობახიძე: ჩვენ არადემოკრატიულ კონსტიტუციას ვცვლით დემოკრატიული კონსტიტუციით

“მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს”,-ამის შესახებ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ამასთან, კობახიძემ მოქმედ კონსტიტუციას ტექნიკურად დაუხვეწავი უწოდა.
”მთავარი ამოცანა არის, ჩვენ ჩამოვაყალიბოთ დახვეწილი მმართველობის სისტემა. მოქმედი კონსტიტუცია უხეშად ეწინააღმდეგება თანამედროვე, ფუნდამენტურ დემოკრატიულ პრინციპებს, რაც 2010 წელს პირდაპირ დაფიქსირდა ვენეციის კომისიის დასკვნაში. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი არ არის დაცული ჩვენი მოქმედი კონსტიტუციით. ეს ხარვეზი საჭიროებს გამოსწორებას. 2010 წელს მოცემული შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ. მეორე ამოცანა არის, რომ უნდა ჩამოყალიბდეს დახვეწილი მმართველობის სისტემა. 2010 წელს გადავედით საპარლამენტო მმართველობაზე, თუმცა ეს გაკეთდა ძალიან არასწორი ფორმით. ჩვენ გვაქვს დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა, რასაც განაპირობებს უამრავი ხარვეზი, რომელიც ჩადებულია მოქმედ კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა, ამ სისტემის დახვეწა და დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის დახვეწილ სისტემად გარდაქმნა. ასევე, მოქმედი კონსტიტუცია არის აბსოლუტურად დაუხვეწავი ტექნიკური და რედაქციული თვალსაზრისითაც კი. მესამე ამოცანა არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერი იურისტისთვის საქართველოში. ჩვენი ახალი რედაქციით, ეს სამივე ამოცანა ზედმიწევნით შესრულებულია”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები