კობა ნარჩემაშვილი: პარლამენტი ქუთაისიდან არ გადადის
“პარლამენტი ქუთაისიდან არ გადადის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვასთან დაკავშირებით ქუთაისში, მესხიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ქუთაისს სტატუსს არავინ ართმევს.
„არანაირ სტატუსს ქუთაისს არ ართმევენ. ეს ჩვენი მოსაზრება არ იყო, ეს ექსპერტების მოსაზრება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამას აქვს სამართლებრივი საფუძველი, მე არ დავუჭირე მხარი და მოვითხოვე, ასახულიყო რეალობა. სამწუხაროდ, ხმათა უმრავლესობით, ასე არ გადაწყდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხმათა უმრავლესობით, პარლამენტი ქუთაისიდან არ გადადის, იმიტომ, რომ ეს რეგულირდება პარლამენტის რეგლამენტის მე-4 მუხლით. საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ქუთაისიდან დღეს დაიწყო. საორგანიზაციო კომისიის გასვლითი სხდომები 11 დღის განმავლობაში, სხვადასხვა დიდ ქალაქში ჩატარდება”, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.
მოქალაქეებმა შეკრება ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში დილიდან დაიწყეს. მათი ერთ-ერთი მთავარი კითხვა პარლამენტის ადგილსამყოფელის საკითხია. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ მათი აზრი უნდა გაითვალისწინოს და პარლამენტი ქუთაისში დატოვოს. მოსახლეობასთან შეხვედრები 15 მაისს, თბილისში დასრულდება. მაისის ბოლოს კი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მსჯელობა უკვე პარლამენტში განახლდება.