ამერიკელი კონგრესმენების წერილს მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება – ეს უპრეცედენტოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ საქართველოს მხარდასაჭერ წერილს უპრეცედენტო უწოდა. მინისტრის მტკიცებით, კონგრესში საქართველოს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა აქვს.
„კონგრესმენების წერილი საქართველოსადმი აშშ-ის ძალიან დიდი მხარდაჭერის დადასტურებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მტკიცე მხარდაჭერა კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო, როდესაც ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან მიმართებით პოზიციებს აფიქსირებს მტკიცედ და მოუწოდებს საქართველოსთან ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისკენ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ამერიკელმა კონგრესმენებმა დონალდ ტრამპს საქართველოს მხარდასაჭერი წერილით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის, კერძოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში.
„როგოც წერილშია ნათქვამი,საქართველო აშშ-ის ერთგული და სანდო პარტნიორია, რაც ყველაზე უფრო ნათლად ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ჯარისკაცების მხარდამხარ ბრძოლაში აისახება.
„ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველო, შეიარაღებული ძალების რაოდენობით, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვილი კონტრიბუტორია, რასაც მრავალი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა. საქართველოს სამხედრო დანახარჯები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს აღემატება – ზღვარი, რომელსაც ნატოს წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყანა თუ აკმაყოფილებს. მოგიწოდებთ, რომ განაგრძოთ აშშ-ის მხარდაჭერა ნატოში საქართველოს გასაწევრიანებლად”, – ნათქვამია კონგრესმენების მიერ აშშ-ის პრეზიდენტის სახელზე გაგზავნილ წერილში.
მათივე თქმით, საქართველოს გააჩნია ხელსაყრელი ბიზნესგარემო და კავკასიისა და შავი ზღვის ფართო რეგიონით დაინტერესებული აშშ-ის კომპანიებისათვის ბიზნესის წარმოების კუთხით, ხელსაყრელ გარემოს წარმოადგენს.
„შედეგად, აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობა, ბოლო ათი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2016 წელს აშშ-მა საქართველოში 324 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის გასაფორმებლად საჭირო მოლაპარაკებების დაჩქარება უზრუნველყოს. აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება აშშ-ის, საქართველოსა და მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის”, – აღნიშნულია კონგრესმენების წერილში.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ 25 წელზე მეტია, რაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების სანდო და სტრატეგიული პარტნიორია.
„2016 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ხაზგასმით ასახელებს აშშ-ს, როგორც საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს და მოკავშირეს. 2016 წლის სექტემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერალდ კონოლისა და ტედ პოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ორპარტიულ ვალდებულებას, მხარი დავუჭიროთ საქართველოს და მოვუწოდებთ აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააძლიეროს საქართველოსთან არსებული სტრატეგიული ურთიერთობები. უმნიშვნელოვანესია, რომ აშშ-მა გააგზავნოს ძლიერი გზავნილი, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს გვერდით, ისევე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა გააკეთა ჩვენთვის”, – აღნიშნულია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი გაგზავნილ აშშ-ის “რესპუბლიკელ” და “დემოკრატ” კონგრესმენთა ერთობლივ წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები