კონგრესმენები აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, განაგრძოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა

კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი წერილით ტრამპს მიმართავენ: საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 30-მა კონგრესმენმა, აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისა და ორ ქვეყანას შორის მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად, საქართველოს მხარდამჭერი წერილით პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა (“რესპუბლიკელი” -ტეხასის შტატი) და ჯერალდ კონოლის (“დემოკრატი” -ვირჯინიის შტატი) მიერ ინიცირებული წერილი წარმოადგენს საქართველოსადმი აშშ-ის ორპარტიული ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთ მკაფიო მაგალითს, რომელსაც ხელს აწერენ როგორც აშშ-ის “რესპუბლიკელი”, ასევე, დემოკრატი კონგრესმენები. როგორც საქართველოს საგარეო უწყებაში აცხადებენ, წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამასთანავე,კონგრესმენები პრეზიდენტს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებისაკენ და ამ მიზნით, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხზე მაღალი დონის დიალოგის გაღრმავებისკენ მოუწოდებენ. კონგრესმენები, ასევე, მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, განაგრძოს ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მხარდაჭერა. წერილში ხაზგასმულია საქართველო-აშშ-ს შორის არსებული ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ-ის მხრიდან ამ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საჭიროება.
„25 წლის მანძილზე, საქართველომ განაგრძო დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. საქართველომ ინსტიტუტების გაძლიერების, რეგულაციების შემცირების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საგადასახადო სისტემის გამარტივების გზით, მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური განვითარების კუთხით. საქართველოს მიღწევები კიდევ უფრო დასაფასებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. რუსეთის ჯარი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპირება მოახდინა. რუსეთის ჯარი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მცოცავ ანექსიას და ოკუპირებულ რეგიონებსა და მის მომიჯნავე ტერიტორიებზე ხშირად არღვევს ადამიანის უფლებებს, ასევე, ახორციელებს ადამიანთა გატაცებას”, – აღნიშნულია წერილში. ​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები