ამირან სალუქვაძე: “საფრანგეთთან ერთად, მთელი ევროპა ღელავს”

“მაკრონი, ალბათ, მოაგროვებს ხმებს 55-65%-ის ფარგლებში და დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ის, რომ ლე პენი მეორე ტურში გავიდა და მას საფრანგეთის მოსახლეობის მესამედი ან ცოტა მეტი დაუჭერს მხარს, მიუთითებს საფრანგეთში და ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე”,-ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე “რეზონანსთან” საუბრისას აცხადებს.

ამირან სალუქვაძე: პროგნოზები რთული გასაკეთებელია, საფრანგეთთან ერთად, მთელი ევროპა ღელავს. ალბათ, მაკრონი მოაგროვებს ხმებს 55-65%-ის ფარგლებში და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. თუმცა ის, რომ ლე პენი მეორე ტურში გავიდა და მას საფრანგეთის მოსახლეობის მესამედი ან ცოტა მეტი დაუჭერს მხარს, მიუთითებს საფრანგეთში და ევროკავშირში არსებულ პრობლემებზე. ასევე, პრობლემები აქვს დემოკრატიას, როცა უფრო ღირსეული კანდიდატები პირამიდის სათავეში ვერ ექცევიან. ორივე კანდიდატთან მიმართებაში საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ლე პენმა, გამარჯვების შემთხვევაში, პირველი ტურის 5% შედეგის მქონე კანდიდატს პრემიერობა შესთავაზა. ასევე, მაკრონს მოსთხოვა, დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი. არა მგონია ასეთმა ხრიკებმა გადამწყვეტი როლი ითამაშოს შედეგებზე

“რეზონანსი”: საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში რა ცვლილებებია მოსალოდნელი?

ა.ს: მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში, სერიოზულ ცვლილებებს საფრანგეთის საგარეო ან საშინაო პოლიტიკაში არ უნდა ველოდოთ. უბრალოდ, ახალი პრეზიდენტი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს სხვა თვალით შეხედავს, ალბათ, უფრო აქტიური იქნება, ვიდრე ოლანდი, რაც ჩვეულებრივი პროცესია.

“რ”: შეიცვლება თუ არა საფრანგეთის პოლიტიკა საქართველოსა და რუსეთის მიმართ?

ა.ს: რუსეთთან მიმართებაში დიდი გარღვევა არ იქნება. გაეროში კვლევა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც რუსეთის მიმართ გატარებული სანქციების გამო, ევროპამ დიდი ფინანსური ზარალი განიცადა. ამის მიუხედავად, მკვეთრი ცვლილებები არ იქნება. არც ჩვენთან მიმართებაშია მოსალოდნელი განსხვავებული პოლიტიკა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში. დღეს საერთოდ ბევრი რამ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე უფროა დამოკიდებული. როგორც მოგეხსენებათ, ტრამპმა 2-3-ჯერ შეამცირა “იუესეიდის” დაფინანსება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის, ზოგ ქვეყანაში კი ნულამდე დაიყვანა. ჩვენ გვმართებს მეტი აქტიური და გააზრებული პოლიტიკა.

“რ”: რა შეფასებას მისცემდით საარჩევნო პროცესის დროს განხორციელებულ კიბერშეტევას?

ა.ს: რაც შეეხება კიბერშეტევის გამო ელექტრონული ხმის მიცემის გაუქმებას, ეს ძალიან ცუდია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლე პენის ეშინია ხელისუფლებას. არ მინდა ეჭვის შეტანა, იყო თუ არა კიბერშეტევა საარჩევნო სისტემაზე. უბრალოდ, გაუგებარია, რატომ შეუტევდნენ რუსეთი ან ჩინეთი წინასწარ, არჩევნებამდე? ეს ხომ ალოგიკურია? თუ კიბერჩარევით შედეგების შეცვლა სურდა ვინმეს, ამას არჩევნების დღეს გააკეთებდა. წინასწარ შეტევამ რა შედეგი უნდა მოიტანოს?

ნინი ქეთელაური

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები