„პარხალი. რესტავრაცია ტაო-კლარჯეთში. სამწუხაროდ, კვლავ ჩვენ გარეშე“…

„პარხალი. მორიგი რესტავრაცია ტაო-კლარჯეთში. სამწუხაროდ, კვლავ ჩვენ გარეშე“… – ამ ინფორმაციას ბუბა კუდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, ტაო-კლარჯეთის ქართული ეკლესია-მონასტრების რესტავრაციის საქმეში მორიგი სიახლეა:
იშხანში 2013 წელს დაწყებულ და დღემდე მიმდინარე სამუშაოებს გასული წლიდან პარხალიც შეემატა. რესტავრაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო, ზამთრის დადგომის გამო შეჩერდა და 2017 წლის აპრილში კვლავ განახლდა.
„სამწუხაროდ, როგორც იშხნის შემთხვევაში, სამუშაოებში ოფიციალურად ქართული მხარე არც ამჯერად არის ჩართული, რისი მიზეზიც საქართველოსა და თურქეთს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში შესაბამისი ხელშეკრულების არარსებობაა. საზოგადოებას ალბათ ახსოვს აღნიშნულ თემაზე ცხარე დისკუსიები და რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკებები. ამის შემდეგ თურქულმა მხარემ გადაწყვიტა დამოუკიდებლად იზრუნოს მის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების რესტავრაციაზე.
ტაძარი X საუკუნეში აიგო, ბაგრატოვან მმართველთა სახელოვანი წარმომადგენლის – დავით კურაპალატის შემწეობით. მდებარეობს ისტორიულ ტაოში, პარხლის სახელითვე ცნობილ მიკროპროვინციაში, ულამაზეს ხეობაში. სოფელ პარხლის მაცხოვრებლები ძირითადად გათურქებული ქართველები არიან. ენა დაკარგული აქვთ, მაგრამ მათი ნაწილი დღესაც ადასტურებს, რომ „გურჯები“ არიან და ისიც ახსოვთ, რომ მათ ბავშვობაში მოხუცებს ჯერ კიდევ შეეძლოთ ქართულად საუბარი.
პარხლის ტაძარი, აგრეთვე ტაოში მდებარე ოთხთა ეკლესია, ზომით ყველაზე დიდი ბაზილიკებია ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ის მეჩეთად იყო გადაკეთებული და ამის გამო რეგიონის ქართულ ძეგლებთან შედარებით თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია. ცხადია, მასაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ თითქოს გაუგებარია: მაშინ, როცა ტაო-კლარჯეთში მდებარე არაერთი ტაძარი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშეა, რა კრიტერიუმით შეირჩა პარხალი?
ძნელია ამ კითხვაზე დაზუსტებული პასუხის მოძებნა, მაგრამ არ შეიძლება არ გაგახსენდეს, რომ 2004 წლიდან მოკიდებული, თურქეთის უდიდესი ქალაქის მერი – ქადირ თოფბაში სწორედ პარხლელია (სოფლის თანამედროვე სახელწოდებაა ალთიფარმაქი). ნიშანდობლივია ისიც, რომ სტამბოლის მერს სამეცნიერო ხარისხი არქიტექტურის ისტორიაში აქვს მიღებული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მშობლიურ სოფელში ისტორიული ძეგლის რესტავრაციაც მის მიერ ყოფილიყო ინიცირებული და ხელშეწყობილი.
მიმდინარე სამუშაოებზე ზოგადი დაკვირვებისა და ადგილზე მომუშავე სპეციალისტებთან გასაუბრების საშუალება შარშან 3 ოქტომბერსა და წელს, 9 აპრილს მომეცა.
დღევანდელი მდგომარეობით, ტაძრის ოთხივე ფასადი ხარაჩოებშია. სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადების ხარაჩოებზე საფარია აკრული და თითქმის არაფერი ჩანს. სამხრეთ მხარეს საფარზე რესტავრაციის დამკვეთისა და შემსრულებლის შესახებ ინფორმაცია და ტაძრის ფოტოებია დატანილი“… – წერს ბუბა კუდავა.

წყარო: http://bu.com.ge/geo/news/story/423-parkhali-restavratsia-kvlav-uchvenod

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები