სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების მესამე ეტაპის შეხვედრები დაიწყო

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფმა დასკვნითი, მესამე ეტაპის შეხვედრა გამართა. სამუშაო ჯგუფის წევრებს, მესამე რაუნდის მუშაობის რეგლამენტი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო და კონსტიტუციის პროექტის საბოლოო რედაქციამდე დარჩენილი სამუშაოების პროცედურები განმარტა.
„დღეს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე რაუნდის პირველი სხდომა იმართება. შეხვედრაზე მეოთხე სამუშაო ჯგუფისთვის ის მასალებია წარმოდგენილი, რომლებიც წინა გამართულ შეხვედრებზე განხილვების საფუძველზე მომზადდა. საუბარია კონსტიტუციის მე-6 მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც ტერიტორიული მოწყობის საკითხებს ეხება. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალ მე-9 თავზე და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტზე. ჩვენ საბოლოო რედაქციული სახით უნდა განვიხილოთ ეს დოკუმენტები და თუ იქნება განსაკუთრებული შემთხვევა, შეგვიძლია შინაარსობლივ განხილვებშიც შევიდეთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ განცხადება სხვა სამუშაო ჯგუფების მუშაობის განრიგზე და საბოლოო, შემაჯამებელ სხდომაზეც გააკეთა. მისი ინფორმაციით, 10-13 აპრილს მესამე ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომლებზეც რედაქციული ხასიათის განხილვები საბოლოოდ დასრულდება და მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი პროექტის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე გატანა.
„სავარაუდოდ, აპრილის ბოლო კვირაში კომისიის გაერთიანებული სხდომა გაიმართება, სადაც განვიხილავთ უკვე საბოლოო, შეჯერებულ დოკუმენტს, რომლის კენჭისყრის და განხილვის ფორმატზე მოგვიანებით შევთანხმდებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები