“ფარულ საგამოძიებო ქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ ახალ სააგენტოს, ჩემი არცერთი მოადგილე არ უხელმძღვანელებს”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ფარულ საგამოძიებო ქმედებებთან დაკავშირებით შექმნილ ახალ სააგენტოს მისი არც ერთი მოადგილე არ უხელმძღვანელებს.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა მინისტრმა მათი ვინაობა არ გაამხილა.
“ჯერ გადაწყვეტილი არ არის, ვინ იქნება ახალი სააგენტოს უფროსი. სამი კანდიდატურა უნდა შევარჩიოთ, შემდეგ კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება ის ერთი პირი, რომელიც სააგენტოს უხელმძღვანელებს, შემდეგ წარედგინება პრემიერს. ჯერ გადაწყვეტილება არ გვაქვს მიღებული, პირდაპირ გეტყვით ალეკო ტაბატაძე არ მოიაზრება ამ თანამდებობაზე. რა თქმა უნდა, მონახაზში არის რამდენიმე ადამიანი, მაგრამ ჯერ ვერ დავასახელებ გვარებს. ჩემი არც ერთი მოადგილე არ იქნება “, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია.
პრეზიდენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონს ვეტო 20 მარტს დაადო. მან ვეტოს უფლების გამოყენება კანონში არსებული ორი ძირითადი ხარვეზით ახსნა. გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილებების მიხედვით, სუს-ს დაქვემდებარებული სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება. მარგველაშვილი ასევე ამბობს, რომ კანონი გაუმართლებელ და არაპროგნოზირებად ხარჯებს აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს.
საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო ქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო.
საქართველოს პარლამენტმა ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 22 მარტს დაძლია.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში “ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო” იქმნება. უწყების ტექნიკურ აღჭურვაზე და შენობა-პერსონალის შენახვაზე 2018 წელს 30 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მობილური ოპერატორები სააგენტოს მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, 200 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. ზედიზედ 4-ჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი, საქმიანობის უფლება ჩამოერთმევათ. უწყებას მობილური ოპერატორების აუდირების უფლებაც ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები