კახა კალაძე: დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის და ქვეყნისთვის ისტორიული დღეა

“დღეს საქართველოს ენერგეტიკისთვის და ქვეყნისთვის ღირსშესანიშნავი, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ “დარიალი ჰესის” გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა.
“დასრულდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ჰესის – “დარიალი ჰესის” მშენებლობა. ეს ჰესი არა მარტო მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ენერგეტიკისთვის, არამედ ეს არის საძირკველი, ათვლის წერტილი კონკრეტულად ამ რეგიონის უსწრაფესად განვითარებისა და გამდიდრებისთვის”, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს  პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა.
“წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, თუ ჩვენ არ ვიქნებით ენერგეტიკულად ძლიერი. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაძლევს შესაძლებლობას, ერთი მხრივ, ენერგოდამოუკიდებლობის და მეორე მხრივ, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ქვეყანაში არსებობენ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება შავ-თეთრ ფერებში დახატონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ.
კახა კალაძის თქმით, ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს იმ წინსვლასა და განვითარებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, მოქმედმა ხელისუფლებამ დაიწყო.
ყაზბეგში 108 მეგავატის სიმძლავრის “დარიალი ჰესი” საზეიმოდ გაიხსნა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები