„ბანკი ქართუ” ნუგზარ წიკლაურსა და გიორგი ონიანს სასამართლოში უჩივის და 30 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვს
„ბანკი ქართუ” ”ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ნუგზარ წიკლაურსა და გიორგი ონიანს სასამართლოში უჩივის და 30 000-ლარიან კომპენსაციას ითხოვს. როგორც ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, ბანკმა სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანა.
”ბანკი ქართუ” გაცნობებთ, რომ სასამართლოში უკვე შეტანილია სარჩელი ”ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. 6 აპრილს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ნ. წიკლაურმა და გ. ონიანმა ცილისმწამებლური განცხადებებით სცადეს ბანკის რეპუტაციის შელახვა. “ბანკი ქართუ” მოითხოვს 10 000-ლარიან კომპენსაციას, ამ ორი ცილისმწამებლისგან, ასევე, პარტიისგან, რომელსაც ეს სუბიექტები წარმოადგენენ. საერთო ჯამში, 30 000 ლარს. ამ თანხას “ბანკი ქართუ” გადაურიცხავს “სოლიდარობის ფონდს”, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
„ნაციონალურმა მოძრაობამ” კომპანია “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ და “ქართუ ბანკი” თაღლითობაში დაადანაშაულა. როგორც პარტიის წევრებმა, გოგა ონიანმა და ნუგზარ წიკლაურმა განაცხადეს, კომპანიამ “ქართული საინვესტიციო ჯგუფი 21-ე“ 10 წლის წინ, 50-მდე მძღოლს მანქანები ხელშეკრულებით გადასცა, რომლის მიხედვითაც, 48 ათასი ლარის დაფარვის შემდეგ, ავტომობილები მძღოლებს დარჩებოდათ. გოგა ონიანის განცხადებით, 2011 წელს კომპანიამ “ქართუ ბანკიდან” 6-მილიონიანი სესხი აიღო, რისი უზრუნველყოფაც აღნიშნული მანქანებით მოხდა. გოგა ონიანის განცხადებით, მძღოლებმა თანხის უდიდესი ნაწილი დაფარეს, თუმცა კომპანიამ ბანკს სესხი ვერ გადაუხადა და ამიტომაც, “ქართუ ბანკი” მძღოლებს მანქანებს ართმევს.