პარლამენტის სპიკერმა პრეზიდენტის შენიშვნებს ეკონომიკაზე ძალიან მძიმე ბრალდებები უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტის კრიტიკა მთავრობის მიმართ, რომ ჯერ კიდევ ვერ აშენდა ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანები ქუჩაში არ იცხოვრებდნენ, მძიმე ბრალდებაა.
„ითქვა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში და ა.შ. და მანამდე ითქვა, რომ ვერ დავქოქეთ ეკონომიკა. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს. იმ მძიმე ვითარებაში, რომელიც რეგიონშია შექმნილი, ძალიან მძიმე ფონზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული მთელ რეგიონში და ამასთან დაკავშირებით ყველას გვაქვს სათანადო ინფორმაცია, მთავრობა ახერხებს რეალურად, ზრდის ოპტიმალური მაჩვენებლების მიღწევას და რეალურად, რეგიონში აუტსაიდერობიდან ჩვენ ვიყავით აუტსაიდერი 2004 წლიდან 2012 წლამდე რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ჯერ აგვისტოს ომამდე ვუსწრებდით მხოლოდ მოლდოვას და ომის შემდეგ ვუსწრებთ მხოლოდ უკრაინას. ეს იყო რეალური სურათი. 2012 წლის შემდეგ საქართველო გახდა ერთ-ერთი ლიდერი რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ანუ ეს არის რეალური სურათი, რომელიც აუცილებლად უნდა დავანახოთ მოქალაქეებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ პირველად მიაღწია იმას, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს გადასცდა.
„დასაქმებაზე იყო საუბარი, თითქოს არაპროპორციულად აისახება მშპ-ს ზრდა დასაქმების მაჩვენებელზე. ამ დროს შემიძლია გითხრათ, რომ 2013, 2014, 2015 წლების განმავლობაში 90 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდა მარტო დაქირავებით დამატებით, მხოლოდ დაქირავებით დასაქმებულებზეა საუბარი, როდესაც იგივე მაჩვენებელი 9 წლის განმავლობაში იყო 45 ათასი. ანუ ამ 3 წლის განმავლობაში დასაქმდა იმაზე ორჯერ მეტი დაქირავებით, ვიდრე გასული 9 წლის განმავლობაში. ეს არის რეალური სტატისტიკა, რომელიც შეგვიძლია მოვიყვანოთ“, – განაცხადა კობახიძემ პრეზიდენტის მისამართით.
პარლამენტის სპიკერმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმის განვითარების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მაჩვენებლის ზრდისა და საბიუჯეტო შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის მიმართულებით.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა. პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებსა და პრეზიდენტს შორის დებატები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები