ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა

2012 წლის შემდეგ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს – როცა ვსაუბრობთ ვითარებაზე, აუცილებლად სრულად და სრულფასოვნად უნდა წარმოვაჩინოთ სურათი. მე შეგახსენებთ, რა ხდებოდა საქართველოში ჩვენი ხელისუფლების მოსვლამდე და რა ხდება დღეს. მაგალითად, ბიზნესის რეკეტი იყო ყოველდღიურობა 2012 წლამდე და ბიზნესის რეკეტს არაერთი ადამიანის ინტერესები და სიცოცხლეც კი ეწირებოდა. ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა ეს ყველაფერი. ეს პრაქტიკა, ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა არის მთლიანად აღკვეთილი საქართველოში. არცერთი პრეცენდენტი ბიზნესმენის დაყაჩაღების ხელისუფლების მხრიდან არ დაფიქსირებულა 2012 წლიდან და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. ციხეებთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ორნახევარჯერ არის შემცირებული პატიმართა რიცხოვნობა საქართველოში. იყო ევროპაში პირველ ადგილზე ამ ნეგატიური სტატისტიკით ჩვენი ქვეყანა. ორნახევარჯერ –  24 500-დან 9 500 -მდე ჩამოვიდა პატიმართა რაოდენობა და ეს არის ამ ხელისუფლების დამსახურება და როცა ადამიანის უფლებებზე, დემოკრატიაზე ვლაპარაკობთ, ესეც უნდა გავიხსენოთ აუცილებლად. თორმეტჯერ არის შემცირებული პატიმართა სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს არ არის მხოლოდ დაკავშირებული პირობების გაუმჯობესებასთან. პირდაპირ მიუთითებს ეს რადიკალური სხვაობა იმაზე, თუ როგორი პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული ციხეებში, როგორ აწამებდნენ ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანებს და რა პირობებში უწევდათ მათ ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ ადმინისტრაციის მხრიდან პატიმრების წამების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. “რაც  ყოველდღიურობა იყო 2012 წლამდე, 2012 წლის შემდეგ მთლიანად არის აღკვეთილი. არცერთი პრეცენდენტი არათუ სისასტიკის დაპირისპირების, რაიმე ტიპის ძალადობრივი დარბევის პრეცენდენტი მთავრობას არ ჰქონია არცერთი შეკრების, 2012 წლის შემდეგ”, – განაცხადა კობახიძემ.
6 აპრილს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები