ირაკლი კობახიძე: როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა

როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე გამართული დებატების შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრეზიდენტის მხრიდან წარიმართება პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორი ბანაკის ჩამოყალიბებას.
„ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი გამოწვევა პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის სახით და ეს გამოწვევა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ფონზე, როცა ძალიან პოლარიზებული და რადიკალიზებული საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.
ასეთ დროს საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს განხეთქილების ხელშემწყობი პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ, სამწუხაროდ, ვხედავთ საპირისპირო ტენდენციას – რეალურად პრეზიდენტის მხრიდან წარიმართება პროცესები, რომელიც ხელს უწყობს ორი ბანაკის ჩამოყალიბებას. ეს არის ის რეალობა, რომელიც გვაქვს სახეზე და ეს არის ძალიან ცუდი.
ჩვენ ასევე ვხედავთ დაპირისპირებას კონკრეტულ ინსტიტუტებთან და ესეც არ არის შესაბამისობაში იმ კონსტიტუციურ როლთან, რომელიც არის გაწერილი პრეზიდენტისთვის. ხშირად გვესმის არაკორექტული გამონათქვამები, რაც ბუნებრივია, ჩვენთვის არის მიუღებელი განსაკუთრებით პრეზიდენტის მხრიდან.
ერთხელ სატელევიზიო ჩართვისას აღნიშნა ბატონმა პრეზიდენტმა, რომ მას არასდროს გაქცევია სიტყვა, თუმცა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს გაურბით სიტყვა და ძალიან მძიმე ფორმით გაურბით სიტყვა, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს გაურბის სიტყვა. ამიტომ საუბარს იმაზე, რომ ჩვენ არ გაგვირბის სიტყვა, სჯობს, მართლა არ გაგვექცეს სიტყვები და ვიყოთ კორექტულები როგორც ჩვენი კოლეგების, ასევე სხვა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მიდგომა კონსტიტუციური ინსტიტუტების მიმართ შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები