გიორგი მარგველაშვილი: მე რატომ მახსენებთ 2012 წელს ან რატომ ედრებით 2012 წელს?!

ცოტა უცნაურია, როდესაც ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მინახავს ხელისუფლების კრიტიკოსებად 2012 წლამდე, მე მახსენებენ, რომ 2012 წლის მერე გარკვეული ცვლილებებია მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ გამართული დებატების შეჯამებისას განაცხადა.
როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები, რომლებიც გადასაჭრელია. მისივე თქმით, და მას ესმის დეპუტატების გაღიზიანება, როდესაც პრეზიდენტი ამ პრობლემებს პარლამენტს უზიარებს.
”საინტერესო იყო ჩემთვის იმის მოსმენა, რომ თურმე 2012 წლის მერე გარკვეული ცვლილებებია მიღწეული. რა თქმა უნდა, მიღწეულია და არის გარკვეული წინგადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ცოტა უცნაურია, როდესაც მე მახსენებენ ამას ადამიანები, რომლებიც ძალიან ხშირად არ მინახავს ხელისუფლების კრიტიკოსებად 2012 წლამდე. ამაზე ძალიან საინტერესოდ ილაპარაკა ქალბატონმა ინაშვილმა. მე რატომ მახსენებთ 2012 წელს ან რატომ ედრებით 2012 წელს?! საზოგადოების წინაშე დღეს არის პრობლემები, ეს პრობლემები დღეს არის გადასაჭრელი, ამ პრობლემებს უნდა გავუსწოროთ თვალი. მე მესმის გაღიზიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პრობლემებს გიზიარებთ, მაგრამ ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ეს პრობლემები გადასაჭრელია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, საჭიროა საზოგადოებასთან საუბარი. მან პარლამენტის წევრებს მასთან ერთად რეგიონებში სიარული შესთავაზა.
”იარეთ ჩემთან ერთად რაიონებში. არაფერი ამაში პრობლემური არ არის, რომ საკონსტიტუციო თემატიკაზე ვესაუბროთ ხალხს, ვკითხოთ მათ აზრი, როგორი უნდა იყოს კონსტიტუცია და ამასთან მოვისმინოთ მათი პრობლემები, რომლებსაც იქ საზოგადოება გვიზიარებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები